მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ასამაღლებლად
ფასები საბაზრო პრინციპებით არ დგინდება, მედიკამენტებზე არსებული ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენციის პირობებში.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ასამაღლებლად

თბილისი (BPI) – ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით bpi.ge ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ავთანდილ სილაგაძეს ესაუბრა.

ბატონო ავთანდილ, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიები და უნდა დაიწყოს თუ არა მონოპოლიების გამოვლენაზე მუშაობა. რა წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს სახელმწიფო მონოპოლიების გამოვლენაზე მუშაობისას?

ის ფაქტი, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი გარკვეულწილად მონოპოლიური თვისებების მატარებელია, ახალი არ არის. უფრო ზუსტ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას რომ აქ ოლიგოპოლიზმია. რამდენიმე ფირმა რეალურად ფლობს ბაზრის ძირითად სეგმენტს და მათ საშუალება აქვთ, ფასები გააკონტროლონ და სასურველ დონეზე გააჩერონ.

ფასები საბაზრო პრინციპებით არ დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტებზე არსებული ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენციის პირობებში.

ჩემი აზრით, ამ სფეროში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნიშნები არ არსებობს. სასურველია ასე იყოს. თუ სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ მონოპოლია არ არსებობს, მაშინ გამოქვეყნდეს მონაცემები, თითოეული  მედიკამენტის წამყვანი მიმწოდებელი ბაზარზე  რამდენ პროცენტს ფლობს. თუ გამოჩნდება, რომ ბაზარზე არის არა სამი, არამედ, მაგალითად ორმოცდაათი მოთამაშე, მაშინ მონოპოლიასა თუ ოპიგოპოლიაზე აღარ ვიფიქრებთ.  სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ანტიმონოპოლიუმა სამსახურმა უნდა გამოაქვეყნოს ოფიციალური მონაცემები.

ფარმა ბაზრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

მივესალმები, თუ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფოს სახელით გადადგამს ნაბიჯებს რომ კონკურენცია ბაზარზე მართლაც შეიქმნას. სახელმწიფოს ფუნქცია ამ საკითხში სწორედ ეს გახლავთ. სახელმწიფომ არსებული მოთამაშეები კი არ უნდა ჩაქოლოს, არამედ მოაქციოს მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენის ქვეშ აღრიცხვაზე. ეს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა უნდა გააკეთოს.

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბაზარზე ახალი სუბიექტების გამოჩენის ხელშეწყობის მიზნით, რომლებიც ბაზარზე გაზრდიან კონკურენციას, ეს კი გამოიწვევს ფასების დაწევას.

ხელისუფლება მედიკამენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში შესაძლოა გაიაფდეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ჯენერიკები. ექნება თუ არა ამ წამოწყებაში სამინისტროს საზოგადოების მხარდაჭერა?

გარკვეულ მედიკამენტებზე შეღავათები ძალიან კარგია, მაგრამ სწორი მიმართულებით ეს არ წაიყვანს ქვეყანას. თუ შეღავათები იქნება ეს მოსახლეობისთვის კარგია, მაგრამ ვინ გადაიხდის განსხვავებულ ფასს? ცხადია სახელმწიფო. ანუ კონკრეტულ მომწოდებელს სახელმწიფომ თანხა უნდა მისცეს და ეს ფასებზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს. ჩემი აზრით ასეთი მიდგომა ფასებს ვერ დაარეგულირებს ქვეყანაში.

ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტების წამლის ხარისხის ლაბორატორია. როგორ ფიქრობთ, რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ უნდა იზრუნოს თუ არა ამ საკითხის მოსაგვარებლად?

მე არ ვარ ფარმაცევტი ან ამ სფეროს ექსპერტი, თუმცა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მიმაჩნია, რომ მექანიზმები იმისა, რომ საქართველოში წამლის ხარისხი გაკონტროლდეს, უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს სხვა წამყვან ქვეყნებში კონტროლის მექანიზმი და ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ მხრივ არ დაგვჭირდება.

bpi.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …