მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ რეფერენტული ფასების დადგენისას გამონაკლისები დაუშვა – რა შემთხვევებს ეხება შეცვლილი წესი

სახელმწიფომ რეფერენტული ფასების დადგენისას გამონაკლისები დაუშვა – რა შემთხვევებს ეხება შეცვლილი წესი

სახელმწიფომ დაუშვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დაანგარიშებისას, პრეპარატის ღირებულება არსებული ფორმულის გარეთ, ინდივიდუალური განხილვის შედეგად დაადგინოს.

კერძოდ, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტ(ებ)ზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე.

ცვლილებების თანახმად, რომლებიც ძალაში თებერვლის ბოლოდან შევიდა, კომისიას შეუძლია, „მაღალი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესიისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტ(ებ)ზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასის შემოღების/განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგების შესახებ.“

რატომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება? უკავშირდება თუ არა ის ისეთი შემთხვევების დაფიქსირებას, როცა ფორმულის შედეგად დადგინდა იმდენად დაბალი ფასი, რომ კონკრეტული მედიკამენტის დეფიციტის საფრთხე შეიქმნა? ან პირიქით – ხომ არ დაფიქსირდა ფაქტები, როცა ფორმულამ მედიკამენტზე მაღალი ფასი „დასვა,“ რაც უკვე პაციენტის მხრიდან პრეპარატზე ხელმისაწვდომობის შემცირების საფრთხეს ქმნიდა?

როგორც jandacva.ge-ს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა, ყველა ეს შესაძლებლობა ლოგიკურია და სწორედ მსგავსი რისკებისგან დაზღვევას უკავშირდება ცვლილება. ამასთან, მისი თქმით, ცალსახაა, რომ მსგავსი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ რეფერენტული ფასების დადგენილი ფორმულა ყველა შემთხვევაში არ მუშაობს და ყველა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარს საკუთარი თავისებურებები აქვს.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში 15 თებევრლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.

რეფერენტული ფასები 4 ქვეყნის (მაკედონია, ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი) ფასების მიხედვით დგინდება.

jandacva

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …