ადამიანებს, რომლებსაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაბალი პაკეტით სარგებლობენ, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დამატებით კერძო დაზღვევა შეიძინონ. ეს პაკეტი არ იქნება ძვირი, რადგან არ წარმოადგენს სრულფასოვან პაკეტს და, შესაბამისად, ამ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ.
ამის შესახებ “ჯანდაცვის ასოციაციის” საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ხარჯიანია და სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის მის დაფინანსებას, თუმცა ამის მიუხედავად არსებულ მოთხოვნას მაინც ვერ ეწევა. ეს მდგომარეობა რომ გამოსწორდეს და სახელმწიფო თანხებიც უფრო ეფექტიანად იყოს განკარგული, მახარაშვილის თქმით, იმ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან საყოველთაო ჯანდაცვით, თუმცა გარკვეული შემოსავლის გამო არ შეუძლიათ დამატებით კერძო დაზღვევის შეძენა, ამის უფლება უნდა მიეცეთ.
მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც პირობითად აქვთ 1000-ლარიანი ხელფასი, რის გამოც საყოველთაო ჯანდაცვის სრულფასოვანი პაკეტი არ აქვთ და 30%-იანი თანაგადახდა უწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძვირადღირებულ სერვისებზე ძალიან დიდი თანხა უნდა გადაიხადონ. მაგალითად, თუ ოპერაცია 3 ათასი ლარი ღირს, 900 ლარის გადახდა უწევთ, რაც 1000-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანისთვის ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია.
სწორედ ამიტომ მაია მახარაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამ კატეგორიისთვის, სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობით, დაშენების სისტემა შეიმუშავოს.
მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვა არსად არ არის იაფი. ამიტომ მანამ, სანამ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაიზრდება, საქართველოში მნიშვნელოვანი იქნება სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, რისი ერთერთი ნაწილი ჯანდაცვაცაა.
ამ მდგომარეობის დაბალანსების გზად ის დაშენების სისტემის ამოქმედებას მიიჩნევს.
მეორე ნაწილად კი მახარაშვილი მიიჩნევს იმას, რომ დაზღვევის პროდუქტები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოიხმაროს. საუბარია მოსახლეობის იმ ნაწილზე,რომელსაც აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა. მახარაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მეტი გააქტიურება მართებს როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიებს, რათა მოსახლეობის მასობრივი დაზღვევა მოხდეს.
„რაც უფრო დიდი მასშტაბია დაზღვეულების, მათი მდგომარეობა უკეთესია და შეთავაზებაც უკეთესი იქნება. ეს ხელს შეუწყობდა როგორც ბიუჯეტის ეფექტიან მართვას, ისე გაზრდიდა პაციენტების დაცულობას,“ – განაცხადა მაია მახარაშვილმა.