პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული მიიჩნევს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის პრობლემა არ არის ყველაზე მწვავე საკითხი და აცხადებს, რომ მედიკამენტებზე მაღალი ფასები ლარის კურსის დაცემითაა გამოწვეული.
„ეს ჩემი სფერო არ არის, თუმცა წარმოდგენა, ცხადია, მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და ბევრი მოქმედი კომპანიაა ამ მიმართულებით. კარგი ტენდენციაა ის, რომ ფარმაცევტული საწარმოები იხსნება საქართველოში.
ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ დაემატება ფაარმაცევტული ქარხანა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივად მოხდეს ბევრი პრეპარატის წარმოება და გაიზარდოს კონკურენცია, შესაბამისად, შემცირდეს ფასები. ამ შემთვევაში უკვე მონოპოლია სრულად გამოირიცხება.
რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, დოლარის კურსი, რა თქმა უნდა, მოქმედებს ისეთი პროდუქტების ფასზე, რომლებიც შემოდის იმპორტით და რომელთა შესყიდვაც ხდება დოლარის საშუალებით“, – აცხადებს სამხარაული.
იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ფასების რეგულირების საკითხში არც ერთი მიმართულებით არ უნდა ერეოდეს. „თუმცა, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ე.წ. რისკ-ჯგუფები და თუ შესაძლებელი იქნება მეტი სიცოცხლის გადარჩენა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ საამისოდყველაფერი უნდა გააკეთოს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.