ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი, 10-წლიანი გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა (ყველა სახის) ამჟამინდელი 16%-დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს.
გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ჰოსპიტალური სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება კი ხარისხის მთავარი განმსაზღვრელია. გეგმის თანახმად, უნდა გაიზარდოს საერთაშორისო აკრედიტაციის (KTQ International, ISO, JCI და სხვ) მქონე სტაციონარების წილი.
ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” მკვლევარი ზვიად კირტავა jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კლინიკურ სექტორში სახელმწიფოს როლის გაზრდა სწორი სტრატეგიაა. მისი თქმით, საქართველოში, ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო წილი ძალიან მცირეა და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.
კერძოდ, მისი თქმით, 2014 წელს ევროკავშირში კერძო ჰოსპიტალურ სეტორში საშუალოდ საწოლების 33% იყო. მხოლოდ გერმანიას ჰქონდა კერძო ჰოსპიტალური სექტორში საწოლების 60%, დასავლეთ ევროპის დანარჩენ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 30%-55% იყო, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – 4-20%. საქართველოში კი ამ დროს 90%-ზე მეტი კერძო სექტორში იყო.
„უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც წელს მარტში გამოქვეყნდა, ევროკავშირში ჰოსპიტალური სექტორის კერძო და საჯარო სექტორის თანაფარდობის მიხედვით ქვეყნები 4 ჯგუფად არის დაყოფილი – 1. სადაც ჰოსპიტლების 60%-ზე მეტია კერძო სექტორში – ნიდერლანდები, გერმანია, ბელგია, შვეიცარია და ნორვეგია, 2. შერეული (დაბალანსებული) განაწილება – 40-60%-მდეა კერძო სექტორში – ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია და საფრანგეთი. 3. შერეული, უფრო მეტად საჯარო, (სადაც კერძო სექტორის წილი 20-40%-ია) – ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი და 4. ძირითადად საჯარო (სადაც მხოლოდ 20%-ზე ნაკლებია კერძო საავადმყოფოები) – დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია, ისლანდია, ირლანდია, ლიტვა, სლოვენია. როგორც ვხედავთ, ევროკავშირში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც ჰოსპიტალური სექტორის 85% იქნებოდა კერძო მფლობელობაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კერძო სექტორი ევროპაში, აშშ-სა და კანადაში ხშირად არის წარმოდგენილი არამომგებიანი დაწესებულებებით, მაშინ, როცა საქართველოში კერძო ჰოსპიტლების აბსოლუტური უმრავლესობა მოგებაზე ორიენტირებული დაწესებულებებია, ხშირად – კორპორაციების ნაწილიც. ასე რომ სახელმწიფო / საჯარო წილის გაზრდა სავსებით ლოგიკურია,“ – აცხადებს ზვიად კირტავა.
ექსპერტი ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს წილის შემცირების საჭიროების ერთერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უდიდეს ფინანსებს ხარჯავს, ამიტომ ლოგიკურია მისი სწრაფვა, რომ Public-Private თანაფარდობა უფრო დაბალანსდეს, დაუახლოვდეს ევროპულ გამოცდილებას და სახელმწიფომ უფრო მეტად მოახდინოს სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაც და სექტორში, განსაკუთრებით კრიტიკულ სერვისებზე (გადაუდებელი დახმარება, დედათა და ბავშვთა დახმარება, ონკოლოგია, ინფექციური დაავადებები) ფასწარმოქმნაზეც გარკვეულად მეტი გავლენა იქონიოს. შედეგად კი, მისი თქმით, ინტეგრირებული ჯანდაცვა უფრო უნდა განვითარდეს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გაზარდოს. ექსპერტის თქმით, ასევე აუცილებელია უწყვეტი განათლების თანამედროვე სისტემის დანერგვა და სერვისების ხარისხზე ორიენტაცია. ამ მხრივ, კერძო სექტორში ბევრი წარმატებული დაწესებულებაა და სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს მათი გამოცდილების გაძკლიერება ისეთი ახალი ჩარჩო რეგულაციების ერთობლივად შემუშავებით, რაც ხარისხზე ორიენტირებულ ორგანიზაციბისათვის, კერძო იქნება თუ საჯარო, მოტივაციას გაზრდის.
კირტავას შეფასებით, სექტორში სახელმწიფოს გააქტიურება და მის მიერ მაღალი სტანდარტების დანერგვა გაზრდის ქვეყნისათვის საჭირო დარგების განვითარების დაგეგმარების ელემენტს, ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის მზადყოფნას (რისი საჭიროების მაგალითიც პანდემიამაც გვაჩვენა) და კონკურენციასაც, რაც როგორც სერვისების, ისე ფასთწარმოქმნის კუთხით მომხმარებლისთვის ხელსაყრელი იქნება, რადგან ხარისხი და ხელმისაწვდომობა კერძო კლინიკებშიც გაიზრდება.
ზვიად კირტავა ამბობს, რომ უცხოეთში – და აქ მხოლოდ ევროპა არ იგულისხმება – სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არაკომერციული (ანუ არამომგებიანი) ორგანიზაციები. თუმცა არამომგებიანობა ნიშნავს არა სარგებლის გარეშე მუშაობას, არამედ მისი გადანაწილების პრინციპს. ასეთ ორგანიზაციებს, წილების სახით, ხშირად ექიმები მართავენ, მოგების დიდი ნაწილი კი რეინვესტირებაზე, ანუ ახალი დანადგარების შეძენასა და სერვისების დანერგვაზე, ზოგადად, ორგანიზაციის განვითარებაზე მიემართება.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა საქართველოშიც, სამედიცინო ბიზნესის უფრო საჯარო სექტორზე გადაწყობა, ზვიად კირტავა ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ისევე, როგორც იმაზე, 2030 წლის შემდეგ კიდევ რამდენით უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. თუმცა აცხადებს, რომ 30%-იანი წილის 10 წელიწადში მიღწევა საკმაოდ რეალისტური გეგმაა. ხოლო რომელიმე სექტორის (თუნდაც საჯარო სექტორის) დომინაცია, მისი აზრით, სასურველი არ არის.
„კერძო ინვესტორებისთვისაც უნდა იყოს გასაგები სექტორში სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმები, როგორც მიმართულებების, ასევე ინფრასტრუქტურის, და დაფინანსების მოდელების კუთხით. ამ პერიოდში უნდა მოხდეს მოსაზრებების შეჯერება, სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს სტრატეგია, თუ რა მიმართულებით აპირებს დარგის განვითარებას, რათა კერძო კლინიკებმაც და მომავალმა ინვესტორებმაც სწორად მოახდინონ საკუთარი გეგმების შესაბამისობაში მოყვანა და ფეხი აუწყონ სახელწმიფო სტრატეგიას. ამის მიხედვით უნდა მოხდეს ადამიანური რესურსების განვითარებაც, რაც ტექნოლოგიებზე ნაკლებმნიშვნელოვანი არაა. საჯარო სექტორის მულტიპროფილური საავადმყოფოების სერიოზული ამოცანა შეიძლება გახდეს ასევე საუნივერსიტეტოს და პოსტდიპლომური განათლების განვითარება,“ – განუცხადა ზვიად კირტავამ jandavca.ge-მ.
ზვიად კირტავა ამბობს, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს პოზიციათა შეჯერებისა და თანამშორმლობის, ასევე მაქსიმალური გამჭვირვალობის პირობებში კერძო და საჯარო სექტორებს შორის, და არა ისე სწრაფად და ხისტად, როგორც ეს წლების წინ, ჰოსპიტლების და პირველადი ჯანდაცვის პრივატიზაციის პროცესში მოხდა.
„ევროპის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წარმატებული მოდელები არსებობს იქაც, სადაც უფრო კერძო სექტორის წილია მაღალი (გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია) და იქაც, სადაც ძირითადად სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ჭარბობს (ინგლისი, შვედეთი, კანადა). მნიშვნელოვანია არსებული რეალობის და გამოცდილების გათვალისწინებაც, მაგარამ ამავე დროს – სამომავლო და სასურველი განვითარების პრიორიტეტებიც. მაგალითად საქართველოსთვის გადაწყობა პრევენციულ ჯანდაცვაზე და პირველადი ჯანდაცვის, როგორც კარიბჭის როლის გაზრდა. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ჯანდაცვაში კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა სწორი და ეფექტური რეგულაციები და საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა ტიპის და კუთვნილების ორგანიზაციებია წარმოდგენილი. ჯანდაცვა საზოგადოებრივი სიკეთეა და მხოლოდ მოგებაზე ორიენტირება გამორიცხულია, რადგან რიგ სექტორებში და გეოგრაფიულ არეებში (მცირედდასახლებულ, დაშორებულ, მთიან, საზღვრისპირა რეგიონებში) მოგებაზე ორიენტირება ვერ იქნება ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის ჩამოყალიბების გარანტია. ამდენად სახელმწიფოს ზომიერი მონაწილეობა აუცილებელია,“ – აცხადებს ზვიად კირტავა.