საია 2015 წელს საქართველოში არსებულ შრომის პირობებს აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დასაქმებულები სამსახურის დაკრგვის შიშის გამო საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ მექანიზმებს არ იყნებენ.
საიაში ზეგანაკვეთური სამუშაობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრობლემებზეც საუბრობენ. ასევე მიიჩნევენ, რომ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხო პირობებს და დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვას.
“მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დასაქმებულთა მხრიდან, სამსახურის დაკარგვის შიშით, მათი უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე უარის თქმა. დასაქმებულები არათუ ვერ გამოთქვამენ პროტესტს შრომის არასათანადო პირობებთან დაკავშირებით, არამედ არის შემთხვევები, როდესაც საწარმოო ტრავმის შემთხვევაში, დაწესებულების/ორგანიზაციის ადმინისტრაცია სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აიძულებს დასაქმებულს, განაცხადოს, რომ ტრავმა საწარმოში არ მიუღია. პრობლემად რჩება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა, ასევე, სამართლებრივი გარანტიების ნაკლებობა.
2015 წლის თებერვლიდან ამოქმედდა „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც წარმოდგენილი ფორმით არ არის ეფექტური და ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხო პირობებისა და დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვას. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის პირობების მონიტორინგს, რომლებმაც წინასწარი წერილობითი თანხმობა განაცხადეს. ამასთან, პროგრამა გულისხმობს დამსაქმებლების წინასწარ ინფორმირებას მონიტორინგის თაობაზე.
მნიშვნელოვანია, დროულად ამოქმედდეს სათანადო ინსტრუმენტებით აღჭურვილი შრომითი ინსპექცია. ასევე, შრომის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებში”,-აღნიშნულია ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის საიას 2015 წლის შეფასებაში.