მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დავით საგანელიძე – ყველას მოვუწოდებ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს მიეჩვიონ

დავით საგანელიძე – ყველას მოვუწოდებ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს მიეჩვიონ

“საპარტნიორო ფონდის” თავმჯდომარემ, დავით საგანელიძემ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კონკურენციის შესახებ 2030-ის სტუდიაში გააკეთა განცხადება.

“ფარმაციაში რატომ არის ასეთი შიში?! როგორც ჩანს, დიდ მოგებებს მიეჩვივნენ და კონკურენციის პირობებში მუშაობა გაუჭირდებათ. ყველას მოვუწოდებ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს მიეჩვიონ. მთავარია, მოსახლეობა იყოს კმაყოფილი, თორემ ქვეყანა, ერთი-ორი კომპანიის უკმაყოფილებას როგორმე აიტანს.”- აღნიშნა მან.

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა ფარმაცევტულ ქარხანაზე, რომლის ამოქმედებაც თბილისში იგეგმება. საგანელიძის თქმით, ქარხნის მშენებლობა წელს, გაზაფხულზე დაიწყება. წარმოების დაწყებამდე 2 წელია. ქარხანამ, მინიმუმ, 900 პრეპარატი უნდა აწარმოოს.

ეს არ იქნება ორიგინალი პრეპარატები, მაგრამ ხარისხის გარანტი იქნება სახელმწიფო კონტროლი. წარმოების დაწყებამდე, კომპანიამ პრეპარატების შემოტანის ვალდებულება აიღო, რითაც ამ პრეპარატებზე ფასი 30 %-ით გაიაფდებოდა. ქარხნის ამუშავების შემდეგ, ფასი ნახევარი იქნება. ჯერჯერობით, საუბარი 411 პრეპარატზეა.

საგანელიძემ ასევე კომენატრი გააკეთა იმის შესახებ, რომ მისი ძმისშვილი, გიორგი საგანალიძე, “ჰუმანითი ჯორჯიაში”  ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. როგორც საგანელიძემ განმარტა, მისი ძმისშვილი მანამდე მუშაობდა კომპანიაში სანამ თავად საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე გახდებოდა.

დავით საგანელიძემ 2030-ში სტუმრობისას ფონდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 3 მსხვილი ჰოსპიტალის ბაზაზე დიდი სამედიცინო ცენტრის გაკეთება იგეგმება. საუბარია 460 საწოლიან კლინიკაზე, რომელიც 3 ცენტრს გააერთიანებს და 247 პოლიკლინიკაზე. პროექტი 500 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ჩვენი ფონდის სახით მონაწილეობს. ტენდერში გამოიკვეთა “ალფა მედ კონსორციუმი”, რომელშიც სხვადასხვა კომპანიები შედის. ჯერჯერობით, ისინი გამარჯვებულები არ არიან, მაგრამ გამოკვეთილი ლიდერები არიან.” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

2030.news

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …