მთავარი » სოციალური » შრომა » საერთაშორისო გამჭვირვალობამ ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა გამოქვეყნდა. გამოკითხულთა 35 % მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, 65 % კი ამბობს, რომ უმუშევარია.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მონაცემები ეფუძნება იმ გამოკითხვას, რომელიც 2016 წლის 15-28 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ დაკვეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა და რომელშიც მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, გამოკითხვის შედეგების ანალიზის მიხედვით, 2016 წელს მოსახლეობის წილი , ვინც უმუშევრად თვლის თავს 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს გამოკითხულთა 35 % მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, 65 % კი ამბობს, რომ უმუშევარია. გასულ წელს გამოკითხულთა რაოდენობა ვინც თვლიდა თავს დასაქმებულად 30%-ს შეადგენდა, ხოლო ვინც დაუსაქმებლად თვლიდა – 70%-ია.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხულთა თვითაღქმაზე – არიან თუ არა დასაქმებულები და არ შეიძლება ამ მონაცემებით უმუშევართა რაოდენობის განსაზღვრა.

კვლევის მიხედვით, დასაქმებულებიდან 31 % არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში. გამოკითხულთა დაახლოებით 75% აცხადებს, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარამდე აღწევს.

„აქედან ნათელია, რომ მოსახლეობის ნახევარი, რომლებიც ქვეყანაში დასაქმებულად ითვლებიან, რეალურად ძალიან მცირე პროდუქტს ქმნიან, შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება ხდება. ვიდრე სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა წილი მნიშვნელოვნად არ შემცირდება, უმუშევრობა კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად დარჩება. დასაქმების ზრდის ყველაზე რეალურ გზად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მიგვაჩნია, რაც დაბალი გადასახადებით, მაღალი მოგების მარჟით და სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოთი მიიღწევა”, – ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 51 % ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მთავარი სოფლის მეურნეობის განვითარებაა, მოსახლეობის 17% ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება სურს.

„აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორს წამყვანი როლი არ უკავია და ზოგადად ამ სფეროს წინსვლა ტექნოლოგიებზე და არა ადამიანებზეა დამოკიდებული. სწორედ საზოგადოების ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, მთავრობა საარჩევნოდ მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და სახელმწიფო ფინანსებს სოფლის მეურნეობის სექტორში არაეფექტიანად ხარჯავს, ეს კი ეკონომიკის წინსვლას და შესაბამისად თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დონის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რადგან ჩვენი მოსაზრებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რაც თავის მხრივ დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების დონეს“, – ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხვის მიხედვით, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის 52 % ამჟამად დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, 47% კი – არა.  

იმ 35%-დან, ვინც თავს დასაქმებულად თვლის, 35 % მიიჩნევს, რომ არის დაქირავებული მუშაკი ადგილობრივ კერძო ორგანიზაციაში, კომპანიაში, ან საწარმოში, 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში და არის საჯარო მოხელე, 18 % მიიჩნევს, რომ უძღვება საკუთარ ბიზნესს, არის თვითდასაქმებული, 12% მიიჩნევს, რომ არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში და არ არის საჯარო მოხელე და ა. შ.

რაც შეეხება გამოკითხულთა ოჯახების საერთო შემოსავალს, ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ შემოსავალი შეადგენდა 400-დან 800 ლარამდე ან 260-დან 400 ლარამდე. გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალმა გამოკითხვის და გასულ თვეში 1200-დან 1600 ლარამდე შეადგინა, 2% კი ამბობს, რომ 1600-დან 2500 ლარამდე. 2 500 ლარზე მეტი შემოსავალზე მხოლოდ 1% საუბრობს. 800-დან 1200 ლარამდე შემოსავალზე კი 8%.

გამოკითხულთა 9% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 150 ლარამდეა, 3% ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი 0 ლარს უდრის. 

სფერო, რომელშიც ისურვებდნენ გამოკითხულები ყველაზე მეტად დასაქმებას, ეს არის სოფლის მეურნეობა, შემდეგ არის წარმოება, მრეწველობა, ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, საჯარო სექტორი, საბანკო სფერო, ტრანსპორტი, ტვირთის გადაზიდვა და ა. შ.

ყველაზე მეტად გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე წარმოება (ქარხნები და ფაბრიკები) ტურიზმი, საბანკო სფერო, საჯარო სექტორი და ა. შ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …