მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო პაკეტები 10-15%-ით გაძვირდა – გაგრძელდება თუ არა გაძვირების პროცესი?

სადაზღვევო პაკეტები 10-15%-ით გაძვირდა – გაგრძელდება თუ არა გაძვირების პროცესი?

იმ პირობებში, როდესაც წლიური ინფლაციის დონე თითქმის 13%-ს აღწევს, ფასების გადახედვაზე თითქმის ყველა სექტორის წარმომადგენელი საუბრობს. გამონაკლისი  არც სადაზღვევო ინდუსტრიაა.

იგეგმება თუ არა სადაზღვევო პოლისებზე ფასების ზრდა ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, სადაზღვევო პაკეტები  დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა, თუმცა, სამომავლოდ  რა იქნება ამის თქმა რთულია. როგორც კობახიძე განმარტავს, თუ სოციალისტურ სამყაროში არ ცხოვრობ, გლობალურად, ფასები ყოველწლიურად იზრდება. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ კი  ამ პროცესს მიჰყვება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, სადაზღვევო სექტორი მოგების მაღალ მარჟაზე არ მუშაობს. პირიქით, წლიდან წლამდე ეს სექტორი დიდად მომგებიანი არ არის. შესაბამისად, იმის გამო, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს ნდობა და ხარისხი, თითოეული კლიენტის  ზარალიანობას ინდივიდუალურად განიხილავს.

„მსოფლიოში სადაზღვევო ტარიფებს ითვლიან  და მასში ზოგადად, ინფლაცია აუცილებლად გათვალისწინებულია. ყოველწლიურად, დაახლოებით 7-8%-იანი მატება  არის ხოლმე, გააჩნია ინფლაციის დონეს. ჩვენთან, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში იგივე ტარიფზე ვიყავით და პანდემიის შემდეგ გაიხსნა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი, უფრო მეტი მოხმარება იყო. შესაბამისად, კორპორატიული დაზღვევის კომპონენტში ზარალიანობა შეინიშნებოდა. მათ შემთხვევას ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით, კომპანიები ამას  გაგებით ეკიდებიან და თანამშრომლობას ვინარჩუნებთ,“-აცხადებს კობახიძე.

კითხვაზე, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პორტფელში დაახლოებით რა პროცენტი უჭირავს ზარალიან კომპანიებს, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს დაახლოებით 30-40%-ს შეადგენს.

რაც შეეხება იმას, თუ პანდემიის შემდეგ რამდენად სახარბიელო მდგომარეობაშია ზოგადად, სადაზღვევო სექტორი, კობახიძე განმარტავს, რომ სადაზღვევო ინდუსტრია იქამდე იქნება არასახარბიელო მდგომარეობაში, ვიდრე არ ამოქმედდება სავალდებულო ხასიათის სადაზღვევო პროდუქტები და სახელმწიფო არ აღიარებს, რომ ეს ინდუსტრია ხარჯების დაზოგვისთვის სჭირდება.

„მანამდე ჩვენ ერთიდაიგივეს ვაკეთებთ. ბაზარიც ძალიან მცირედით იზრდება. თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა, ამის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. როგორც კი ამ კუთხით სიტუაცია შეიცვლება, სადაზღვევო სექტორი მიმზიდველი იქნება,“-აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ,  სადაზღვევო სექტორისთვის პოსტპანდემიური პერიოდი რთული აღმოჩნდა. კომპანიებს წმინდა მოგება თითქმის სამჯერ შეუმცირდა და 2022 წლის პირველი კვარტალი 4.7 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა (2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 13.5 მლნ ლარს შეადგენდა), თუმცა გაზრდილია სხვა მაჩვენებლები, მათ შორის მოზიდული ჯამური პრემია (+34 მლნ ლარი წლიურად) და ანაზღაურებული ზარალები (+20 მლნ ლარი).

ბაზარზე ამ დროისთვის 18 სადაზღვევო კომპანია საქმიანობს, მათ პირველ კვარტალში ჯამურად 267,6 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, სადაზღვევო პროდუქტებს შორის კი 55%-იანი წილით ჯანმრთელობის დაზღვევა ლიდერობს.

მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 42,6 მლნ ლარი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 41 მლნ ლარი.

 business-partner.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …