მთავარი » ახალი ამბები » სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვიდან გასული პაციენტებისთვის ოპერაციების სრულად დაფინანსება მოუწევთ

სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვიდან გასული პაციენტებისთვის ოპერაციების სრულად დაფინანსება მოუწევთ

ის მიდგომა, რომ კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ, კონკრეტულ შემთხვევაში გავიდნენ საყოველთაო ჯანდაცვიდან და ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის ღირებულებას მთლიანად სადაზღვევო კომპანია ფარავს, სამართლიანია. ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

„პირველი ნოემბრიდან ჩვენ გადავედით საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ახალ მოდელზე, ყველაზე აპრობირებულ მეთოდზე მსოფლიოში, სადაც ავტომატურ რეჟიმში ხდება ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან გასვლის ჩათვლით, დიარჯი ტარიფის გამოთვლა. ყველა დანარჩენი ხარჯი, რაც ე.წ ვიპ სერვისებზე ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს უწევდა ჯიბიდან დამატება, მკაცრად ავკრძალეთ. ყველას, ვისაც ექნება სურვილი ამ ვიპ სერვისებით ისარგებლოს, თუ დაზღვეულია და თან საყოველთაოთი სარგებლობს –  ძირითადად ეს პენსიონრებს ეხება, ერთჯერადად შეუძლიათ გაეთიშონ საყოველთაო ჯანდაცვას და სადაზღვევომ დაუფინანსოს სრულად. ავიღოთ პენსიონერის შემთხვევა, რომელსაც სჭირდებოდა მაგალითად 5 ათასლარიანი ოპერაცია. 90%-ს ვუფინანსებდით ჩვენ, 10%-ს კი უმატებდა სადაზღვევო კომპანია. თუ პაციენტს არ ექნება სურვილი და რამე განსაკუთრებული სერვისი უნდა რომ მიიღოს, გავა საყოველთაო ჯანდაცვიდან ერთჯერადად და სრულად დაზღვევის დასაფინანსებელი იქნება. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ძირითადი ხარჯები ჩვენზე მოდიოდა და სადაზღვევო პრემიის გადახდას ახდენდნენ სადაზღვევოები, მხოლოდ ჩვენი ტვირთი ეს არ უნდა იყოს და ვფიქრობ, ეს ბაზარი სამართლიანად ლაგდება.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას დღეს აქვს უფლება, საყოველთაოსთან ერთად კერძო დაზღვევა (ე.წ. დაშენებული პაკეტები) შეიძინოს. ახალი წესით კი, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, კონკრეტული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თუ პაციენტს სურს განსაკუთრებული სახარჯი მასალით, ვიპ პალატით, აყვანილი ექიმით ან სხვა დამატებითი სერვისით სარგებლობა, მას შეუძლია ერთჯერადად, უშუალოდ ამ სამედიცინო ჩარევისთვის დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და ამ კონკრეტული ჩარევის მთლიანი ღირებულება თავად გადაიხადოს ან, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, ეს მას სადაზღვევო კომპანიამ დაუფინანსოს.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …