სადაზღვევო ბროკერების მომსახურებაზე მოთხოვნის ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, რომელსაც ავტომობილების დაზღვევა – „კასკო“ მოსდევს. თუმცა სადაზღვევო ბროკერის სფერო ქვეყანაში ნელა ვითარდება.
ამის შესახებ Jandacva.ge-სთან საუბარში „სადაზღვევო საბროკერო IG“ -ს დირექტორმა გიორგი კანკიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ შეკვეთებში 96-97% კორპორატიულ დაზღვევაზე მოდის. რაც შეეხება დამკვეთის მოთხოვნებს, გიორგი კანკიას განცხადებით, დიდი კომპანიები, რომლებსაც ბევრი თანამშრომელი ჰყავთ, ცდილობენ, პაკეტში ყველა რისკი მეტ-ნაკლები დაფარვით გაითვალისწინონ, იქნება ეს სტომატოლოგია, ამბულატორიული სერვისები თუ ონკოლოგია. პატარა კომპანიების დაკვეთა კი, შესაძლოა,უფრო სპეციფიკურ მოთხოვნებს შეიცავდეს.
„დაზღვევის კულტურის ზრდასთან ერთად საბროკერო მომსახურებაზე მოთხოვნაც იზრდება, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. ადამიანები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ეს არაა წყალში გადაყრილი ფული და სულ უფრო იშვიათად გვხვდება დამოკიდებულება – „ერთი წელი მაქვს დაზღვევა, არაფერი მომსვლია და რატომ უნდა ვიხადო?““ – განაცხადა გიორგი კანკიამ.
მისივე თქმით, ბროკერის მომსახურებით სარგებლობა დაზღვევის მსურველ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ დრო და სხვა რესურსი სასურველი პაკეტების შერჩევაზე. ამასთან ეს მომსახურება მათთვის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.
გიორგი კანკიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში ისევ ის პრაქტიკაა დამკვიდრებული, როცა კომპანიების „ეიჩარები“ თავად სწავლობენ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის წინადადებებს და თავადვე ადარებენ მათ ერთმანეთს. საბროკერო კომპანიის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში კი ისინი დაზოგავენ დროს და ბაზარზე საუკეთესო შეთავაზების შერჩევას პროფესიონალებს მიანდობენ.
„კომპანიის“ეიჩარს“ ამ საკითხთან შეხება წელიწადში ერთხელ აქვს. ჩვენ კი სადაზღვევო შეთავაზებებს თვალს მთელი წლის განმავლობაში ვადევნებთ. ამიტომ უკეთ ვფლობთ ინფორმაციას სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებების შესახებ. იმის ერთერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაა საბროკერო მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა, არსებული დამოკიდებულებებია – ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ ბროკერის მომსახურება აძვირებს პროდუქტს, რაც ასე არაა. პირიქით – ბროკერი დროს უზოგავს კომპანიას და სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას მისი ინტერესის დამცველია,“ – აღნიშნავს კანკია.
ცნობისთვის: დღეს ქართულ ბაზარზე 20 სადაზღვევო ბროკერი ოპერირებს. მათი საქმიანობა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რეგულაციის ქვეშაა.
Jandacva.g