საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე პირველი ციფრული ბროკერი „ფრანი“ გამოჩნდა. როგორც მისი ერთერთი დამფუძნებელი გიორგი ჩაჩუა jandacva.ge-სთან აცხადებს, კომპანია ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, მარტივი პროდუქტების გაყიდვაზე იქნება ორიენტირებული. მისივე თქმით, ციფრული ბროკერი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ბროკერთან უშუალო კომუნიკაციის გარეშე შეძლებს მისთვის საჭირო პაკეტების მოძებნას, დაანგარიშებას და შეძენას. გიორგი ჩაჩუას განმარტებით, ეს პროცედურა მთლიანად ერთ სივრცეში წარიმართება და მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიასთან ცალკე კომუნიკაცია არ დასჭირდება. ამასთან, მას შეეძლება ყველა შეძენილი პოლისის მართვა საკუთარი კაბინეტის საშუალებით.
„ფრანის“ დამფუძნებლის თქმით, ერთერთი მიმართულება, რომელშიც კომპანია დაზღვევის მსურველებს მოემსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება.
„დღეს შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი ფრილანსერი ან ცალკე მომუშავე ადამიანია, რომლებსაც არ აქვს ხელმისაწვდომობა სადაზღვევო პროდუქტებზე. ჩვენ მათ ვთავაზობთ, ერთ სივრცეში ნახოს ინდივიდუალური დაზღვევის შეთავაზებები, მათ შორის – კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის პაკეტები. „ფრანით“ სარგებლობა შესაძლებელი იქნება ორი გზით: ან მომხმარებელს შეჰყავს საკუთარი მოთხოვნები და სისტემა ამ მოთხოვნის შესაბამის შეთავაზებებს უჩვენებს, ან დაზღვევის მსურველი თავად არჩევს, რომელი კომპანიის შეთავაზებები შეადაროს ერთმანეთს. მაგალითად, ინდივიდუალური დაზღვევის შემთხვევაში კომპანიებს აქვთ მოცდის პერიოდი – 6 ან 8 თვე. მომხმარებელი თავად განსაზღვრავს, როგორი პაკეტით სურს სარგებლობა, რა რისკების დაზღვევა უნდა, როგორი ლიმიტით, და ამის შემდეგ შეარჩევს მისთვის სასურველ პაკეტს. ვფიქრობ, დაზღვევის კულტურის ამაღლების კუთხით ჩვენი პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ – განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.
ცნობისთვის: „ფრანი“ სტარტაპ-კომპანიაა, რომელმაც ფუნქციონირება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150-ლარიანი გრანტითა და დამფუძნებლების ინვესტიციებით დაიწყო.
ამ ეტაპზე სისტემაში გააქტიურებულია სამოგზაურო დაზღვევა, მომდევნო ეტაპზე ამუშავდება ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის, „კასკოს“ და სხვა პაკეტები. შემდეგ კი, პროექტის ავტორების გეგმებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისიც გაეშვება.