საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506 245-დან 377 971 მოქალაქემდე შემცირდა, — განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური შემწეობის მოხსნას აგრძელებს.
„2015 წლის ივლისში ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოების ყურადღება იმ ფაქტს მიაპყრო, რომ 2013 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506 245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა. 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა 30 000 პენსიონერს მოუხსნა, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
დავით სერგეენკოს საჯარო შეპირების მიუხედავად, სიღარიბეში მცხოვრებ პენსიონერთათვის სოციალური შემწეობის მოხსნის პროცესი არც ივლისის შემდეგ გაჩერებულა. სოციალური შემწეობის მიმღები 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა კიდევ 6 000-მდე ადამიანით შემცირდა. ამდენითვეა შემცირებული იმ ოჯახთა რაოდენობა, სადაც 1 ან 2 წევრია, რაც ადასტურებს, რომ სერგეენკოს მიერ შემოღებული მეთოდოლოგიის სამიზნე ისევ და ისევ მარტოხელა მოხუცები არიან“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის ხარჯზე ივანიშვილის მთავრობამ 2015 წლის იანვრიდან დღემდე 15 მილიონი ლარი დაზოგა, რაც ზღვაში წვეთია ჩინოვნიკების მიერ აღებული პრემიებისა და დანამატების ფონზე.
„თანაც ეს მაშინ ხდება, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც გაძვირებულია სურსათი და წამალი, ანუ პენსიონერების ძირითადი მოხმარების პროდუქტი“, — შენიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე განცხადებით, ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხოვნის სამართლიანობას, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამასთან, აუცილებელია, რომ საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი პოლიტიკის გამო უსახსროდ დარჩა.