მთავარი » ახალი ამბები » სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა, მთის კანონი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
ჯანდაცვა ქვეყანაში ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ ქვეყანაში პირველი პრობლემა დემოგრაფიული მდგომარეობაა.

სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა, მთის კანონი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა

 პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განვლილი 2015 წელი შეაჯამა.

ხუნდაძის განცხადებით, გასულ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახა. ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა წარმატებულ პროექტებში ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ განხორციელებული რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის შექმნილი კანონი და დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები დაასახელა.

„ჯანდაცვა ქვეყანაში ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ ქვეყანაში პირველი პრობლემა დემოგრაფიული მდგომარეობაა. ამ კუთხით საჭიროა ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. 2 წელია კომიტეტი სათავეში უდგას დემოგრაფიულ პოლიტიკას და გარკვეული შედეგი სახეზეა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი მაღალი შობადობის მქონე ევროპაში.

ეს არასაკმარისია, მაგრამ დადებითი დინამიკა არის. მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკა, ეგრეთ წოდებული, სარეცეპტო რეფორმა, რომელიც კომიტეტმა განახორციელა. ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხით იყო განპირობებული ის, რომ დიდი იყო თვითმკვლელობის მაჩვენებელი და მეორე – ძალიან საშიში იყო სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც ქვეყანაში ყვაოდა.

სარეცეპტო რეფორმამ მოგვცა შედეგად ის, რომ სააფთიაქო ნარკომანია ჩვენს ქვეყანაში 99% – ით შემცირდა. ასევე მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი.

ჩვენს ქვეყანაში 90-ანი წლების შემდეგ მძლავრია შიდა მიგრაცია, დაიცალა მნიშვნელოვანი ობიექტები და დემოგრაფიული ანექსიის საფრთხე დადგა. 160 სოფელი ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს  და 158 სოფელში მაქსიმუმ 8-10 მოსახლეა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის შემოღება.

აქ არსებითია კანონპროექტში ჩადებული სოციალური პაკეტები, რომელიც უკვე ამოქმედდა, რაც გულისხმობს პირველ და მეორე ბავშვზეც კი ფულად დახმარებას, სანამ ბავშვი 2 წელს არ მიაღწევს. მნიშვნელოვანია ორმაგი სახელფასო დანამატები ექიმებისათვის და ერთმაგი ექთნებისთვის. მნიშვნელოვანია მთის საწარმოებისათვის არსებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ისინი ქონებისა და მოგების გადასახადისგან თავისუფლდებიან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, მნიშვნელოვანი წარმატებაა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციის კუთხით. მისი თქმით, დღეს ყველა პოლუსისათვის გახდა საყურადღებო და ანგარიშგასაწევი ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რეგიონის პრობლემებმა ფინანსური პრობლემები შექმნა.

ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის რეალური მიზეზები არ არის მხოლოდ ქვეყნის შიგნით, რადგან რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ფინანსური ძვრები მოხდა. ამ ფონზე კი ჩვენი ქვეყანა ნაკლები ზარალით გამოვიდა ამ სიტუაციიდან. რაც შეეხება 2016 წლის გამოწვევებს, ხუნდაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოციალურად დაუცველთა და უმუშევართა რაოდენობა. მისი განმარტებით, ამ პრობლემების დასაძლევად აუცილებელია ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოების ჩართულობაც.

kvira.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …