ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, პირველად ჯანდაცვაში მთელი რიგი ხარვეზები არსებობს, რომელთა აღმოფხვრაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთი გამოწვევაა.
ფონდ ,,კურაციოს“ კვლევაში ,,ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი – მე–6 ტალღა“ აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ გამოწვევად სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების პრობლემა იქნა დასახელებული.
საინტერესოა, რა არის ჯანდაცვის სექტორში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და როგორ არის შესაძლებელი მათი მოგვარება. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელ რუსუდან ჯაშთან:
- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავად ექიმებიც თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ექიმს არ უნდა ჰქონდეს მოტივაცია ან ინტერესი, გამოუწეროს პაციენტს ზედმეტი ან არასათანადო მედიკამენტი. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც ფლობენ ფარმაცევტულ კომპანიებსაც და კლინიკებსაც. ამ კლინიკების ექიმები ხშირად სწორედ იმავე კომპანიის ფარმაკოლოგიურ ნაწარმს უნიშნავენ ხოლმე სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში რამდენად იზრდება პოლიპრაგმაზიის რისკი?
ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. მსგავსი შემთხვევების მომსწრე არაერთი ქვეყანაა. როდესაც ვსაუბრობთ კლინიკური მართვის პროტოკოლებზე, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ჩვენთან არ იწერება. ჩვენი ასოციაციები ძირითადად ევროპიდან იღებენ მაგალითს, რომელთა მორგებაც ხდება ქართულ რეალობაზე. ვის მფლობელობაშიც არ უნდა იყოს კლინიკა ექიმისთვის სახელმძღვანელო არის კლინიკური მართვის პროტოკოლი. როდესაც ეს იქნება დანერგილი, შემცირდება პოლიპრაგმაზიაც. არცერთი მეპატრონე ან მენეჯერი არ ეტყვის ექიმს, რომ გამოუწეროს პაციენტს წამალი, რომელიც არ შეესაბამება პროტოკოლს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ექიმებს, რომ მივაწოდოთ მეტი ლიტერატურა და ჩაერთონ პროფესიული განათლების სისტემაში.
- როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს რეფორმის გატარებას პირველად ჯანდაცვაში. თანამშრომლობთ თუ არა უწყებასთან და ხომ არ აპირებთ რაიმე რეკომენდაცია გასცეთ პოლიპრაგმაზიის პრობლემის აღმოსაფხვრელად?
კველვები აჩვენებს, რომ სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლში არის მთელი რიგი პრობლემები. პოლიპრაგმაზია გვხვდება ჰოსპიტალურ სექტორშიც, მაგრამ იქ პროტოკოლები და გაიდლაინები მეტნაკლებად აწესრიგებს ამას. სწორედ აქ არის კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, მედინსტიტუტში არ ისწავლება კლინიკური ფარმაკოლოგია. არ არსებობს დახელოვნების ინსტიტუტი, სადაც აქცენტი იქნება კლინიკურ ფარმაკოლოგიაზე.
კლინიკურ ფარმაკოლოგიას პირადად ვასწავლიდი მედინსტიტუტში 1987 წლიდან. შემდეგ თანდათან შემცირდა სასწავლო საათები და ბოლო სულ გაუქმდა. არ ვიცი ეს ვის ინტერესს ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, პრობლემა არის სისტემური ხასიათის და ვფიქრობ, რომ გამოსავალი სათანადო განათლების მიღებაშია. უფრო ადვილია ვასწავლოთ სტუდენტს, ვიდრე ექიმი გადავჩვიოთ თავის ჩვევებს.
- როგორი ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა?
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კლინიკებს არ აძლევენ ლიცენზიას, სადაც არ არსებობს კლინიკური ფარმაკოლოგი. როგორც წესი პაციენტს რამდენიმე დაავადება ერთდროულად აღენიშნება ხოლმე. შეიძლება პაციენტს ჰქნდეს დიაბეტი, გულ–სისძარღვტა დაავადებები და ა.შ. გამოდის, რომ პროტოკოლის მიხედვით თითო დაავადებაზე რამდენიმე წამალი ენიშნება, რაც ჯამში ხშირად 10 და მეტ მედიკამეტს აჭარბებს. სწორედ ამ შემთხვევაში სჭირდება დაწესებულებას კლინიკური ფარმაკოლოგი, რომელიც გააკონტროლებს ამ პროცესს.
- თქვენი ინფორმაციით რა მადგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში?
ამჟამად ვმუშაობ ბათუმში, ვარ აჭარის მთავარი პედიატრი და, აქედან გამომდინარე მაღალმთიან რაიონებში მიწევს ხოლმე ჩასვლა. ვერ ვიტყვი, რომ ქალაქის ექიმები გაცილებით მეტად ინფორმირებულები არიან. როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს სურთ წამლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ხშირად სამარშრუტო ტაქსებით ჩამოჰყავთ ხოლმე ექიმები, ოღონდაც დააფიქსირონ თავისი წამლის შესახებ ინფორმაცია. პრაქტიკულად მთელ საქართველოს მოიცავენ ხოლმე, რადგან ეს კომპანიების ინტერესებში შედის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ სახით მიწოდებული ინფორმაცია არის საკმარისი.
- ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ ექიმებს აქვთ გარკვეული მოტივაცია, რომ დანიშნონ კონკრეტული მედიკამენტი. ამის ერთ–ერთი მიზეზად შეიძლება ექიმების დაბალი ანაზღაურება მოვიაზროთ?
როდესაც ვმუშაობდი პედიატრიის ინსტიტუტში, რამდენიმე წლის მანძილზე ხელფასი გაყინული იყო, გამოვიარეთ კუპონის პერიოდიც. მიუხედავად ამისა, არასდროს გვიფიქრია ექიმებს, რომ დაგვენიშნა წამალი, საიდანაც რაიმე მოგებას მივიღებდით. ეს ეთიკის საკითხია და ადამიანის მენტალიტეტიდან გამომდინარეობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ პრობლემის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა.
- თქვენი აზრით, არსებული პრობლემიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი რა შეიძლება იყო? რა უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ პრობლემის შემთხვევაში ყველამ თითი ექიმების მისამართით არ გაიშვიროს?
საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის შემუშავება. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ახლახან დააყენა საკითხი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის წამოწყების შესახებ. კლინიკური ფარმაკოლოგიის კავშირი მზად არის ჩაერთოს მასში, რათა ავამაღლოთ ცოდნა კლინიკური ფარმაკოლოგიის დარგში. ჩვენი ვარაუდით მაისის დასაწყისში დეტალები პროგრამისისა და მასში მონაწილე მხარეების შესახებ ცნობილი იქნება.