С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რუსთავში დღეს უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის, ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.
,,ამ პროგრამის მიზანი არის, რომ არა მიზნობრივ ჯგუფებში, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებში იქნას ჩატარებული უფასო გამოკვლევა C ჰეპატიტზე, რათა ხელმისაწვდომი იყოს გამოკვლევა ყველასთვის და მკურნალობის პროგრამა, ასე ვთქვათ, შეავსოს დაავადების გამოვლენამ. C ჰეპატიტის გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი შემდგომ განსაზღვრავს მკურნალობის მაღალ ხარისხს”, – განაცხადა რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა ,დავით ბეგაშვილმა.
მობილურ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგი დღეს 100-ზე მეტ რუსთაველს ჩაუტარდა. აქციის მიმდინარეობას რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგს ატარებს. დღეს რუსთავის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასო გამოკვლევა ჩაეტარებინა. ეს დაავადება ძალიან გავრცელებული და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შემოწმება, რომ გამოვლენის შემთხვევაში დროულად იქნას დაწყებული მკურნალობა”, – განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ.
С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგი ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე. მობილური ამბულატორია რუსთავის შემდეგ ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩავა.