წამლების ფასების შემცირებაზე ინფორმაციას მსხვილი სააფთიაქო ქსელები ავრცელებენ, რასაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც ადასტურებს.
მათი კვლევის თანახმად, ნოემბრის შემდეგ ფასების კლების ტენდენცია სტაბილურადაა შენარჩუნებული. ასოციაცია აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს. მათივე თქმით, წამლების გაიაფება დროში ემთხვევა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას. კომპანია,არსებულთან შედარებით, 30 %-ით ნაკლები ფასით ოპერირებს.
საპარლამენტო უმრავლესობისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი როსტომ ხალვაში საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც მედიკამენტებზე ფასების ცვლილება გამოიწვია:
„ამ საკითხის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა ჩემ გარშემო ყველა ამბობს, რომ მედიკამენტები ნამდვილად გაიაფდა. ბუნებრივია, ახალი მოთამაშის შემოსვლის შემდეგ კონკურენცია გაიზრდება და ფასები კიდევ უფრო დაიკლებს.”
როსტომ ხალვაშის აზრით, სახელმწიფო ფარმაცევტულ ბაზარზე მკაცრ რეგულაციებს ვერ დააწესებს. ამის ნაცვლად უნდა მოხდეს კონკურენციის წახალისება და კონკურენტუნარიანი გარემო თავისთავად გამოიწვევს ფასების კლებას.