მას შემდეგ, რაც რეცეპტის გამოწერა ელექტრონული ფორმით გახდა სავალდებულო, ქვეყანაში ერთ მილიონზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინსიტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა.
ადამიას თქმით, ელექტრონული რეცეპტების საშუალებით ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს ანალიტიკას როგორც ექიმების, ისე აფთიაქების საქმიანობის კუთხით. მისი განმარტებით, ამის საშუალებას იძლევა ცენტრალიზებული პროგრამა, სადაც ჩანს როგორც რეცეპტის გამოწერის, ისე წამლების გაცემის პროცესი.
რაც შეეხება დარღვევებს, როგორც ადამიამ აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს მიერ ხორციელდება კონკრეტული აფთიაქების კონტროლი. კონტროლის შედეგად კი, ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 900-ზე მეტი აფთიაქიდან 600-ზე მეტში დაფიქსირდა ერთი ან რამდენიმე შემთხვევა მაინც, როცა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემა არ ხდებოდა. ეკატერინე ადამიას განმარტებით, ასეთ შემთხვევაში აფთიაქები ჯარიმდებიან და შემდეგ ხელმეორედ ხდება მათი შემოწმება ელექტრონული რეცეპტის გაცემის სისწორეზე.
ადამიამ ასევე ისაუბრა, რომ ელექტრონული რეცეპტის მექანიზმი იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს მედიკამენტების შესაძლო ჭარბი რაოდენობით გამოწერის ფაქტები.
„მედიკამენტის არასწორი დოზით მიღებამ შესაძლოა ბენეფიციარს ზიანი მიაყენოს. გვაქვს გაკონტროლების მექანიზმი, რომ პოლიპრაგმაზიასთან დავიწყოთ ბრძოლა.
იყო რისკი, რომ აფთიაქებმა კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი შესთავაზონ მომხმარებლებს, მაგრამ ამაზე მონიტორიგნი ხორციელდება ცენტრალიზებულად და თუ ვნახავთ, მაგალითად ერთი და იგივე ბრენდის ან მწარმოებლის პროდუქციის ბევრ გაყიდვას, დავინტერესდებით. ცენტრალიზებული სისტემა იძლევა ამ სურათის დანახვის საშუალებას,“- განმარტა ეკატერინე ადამიამ.
ცნობისთვის: 11 აპრილიდან, მედიკამენტების გამოწერის გენერიკული სისტემა ამოქმედდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აქამდე ექიმი წერდა იმ მედიკამენტს, რომელიც მიაჩნდა ეფექტიანად კონკრეტული პაციენტისთვის, პაციენტი კი მიდიოდა და ფასის მიუხედავად ყიდულობდა დანიშნულ წამალს. ცვლილების შემდეგ კი ექიმი კვლავაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი აქტიური ნივთიერება უნდა გამოუწეროს პაციენტს, შესაბამისი დოზით და დანიშნულებით, თუმცა აფთიაქში მისული მომხმარებლის წინაშე ფარმაცევტს ექნება ვალდებულება, მას მისცეს არჩევანის შესაძლებლობა. არჩევანი უნდა მოხდეს ხარისხიან და ერთმანეთთან შედარებად მედიკამენტებს შორის, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთის ჩანაცვლება.
მანამდე, 1 მარტიდან კი ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.
გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.
მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე. მაგალითისთვის მეორე ჯგუფის წამლებში შედის ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური საშუალებები და ა.შ.
jandacva.ge