მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » როგორ დადგინდება ფასი მედიკამენტზე, რომელიც არცერთ რეფერენტულ ქვეყანაში არ იძებნება – ახალი დადგენილება

როგორ დადგინდება ფასი მედიკამენტზე, რომელიც არცერთ რეფერენტულ ქვეყანაში არ იძებნება – ახალი დადგენილება

თუ მედიკამენტი, რომელზეც ფასის მაქსიმალური ზღვრის დაწესება იგეგმება, არ იძებნება არცერთ რეფერენტულ ქვეყანაში, მის ღირებულებას ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს აღიარებითი ქვეყნების სიის მიხედვით და ამ ქვეყნების რაოდენობა მინიმუმ 3 მაინც უნდა იყოს. ამასთან, პრიორიტეტი ენიჭება საქართველოსთვის განსაზღვრული რეფერენტული ქვეყნების მიერ არჩეულ რეფერენტულ ქვეყნებს.

„თუ შესადარებელი პროდუქტი არცერთ რეფერენტულ ქვეყანაში არ იძებნება, მაშინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იძიებს საბითუმო ფასებს, დღგ-ის გარეშე, ევროპის რეგიონის, აგრეთვე „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში (მინიმუმ სამი ქვეყნის ფასი, სადაც ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია). ფასების მოძიების პროცესში პრიორიტეტი ენიჭება საქართველოსთვის ამ დადგენილებით განსაზღვრული რეფერენტული ქვეყნების მიერ არჩეულ რეფერენტულ ქვეყნებს. ამ ფასებიდან ყველაზე დაბალი ფასით დადგინდება რეფერენტული საბითუმო ფასი საქართველოსთვის,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც ცვლილებები შევიდა „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში.

ცნობისთვის: 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილება განსაზღვრავს იმ ქვეყნებს, რომლებშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტები აღიარებულია საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდა.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში 15 თებერვლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.

რეფერენტული ფასები 4 ქვეყნის (მაკედონია, ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი) ფასების მიხედვით დგინდება.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …