მთავარი » დაზღვევა » როგორ ანაზღაურებენ ზარალებს ქართული სადაზღვევო კომპანიები
უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დაზღვევის პოპულარიზაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შეუწყო ხელი.

როგორ ანაზღაურებენ ზარალებს ქართული სადაზღვევო კომპანიები

უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დაზღვევის პოპულარიზაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შეუწყო ხელი.

თანამედროვე მსოფლიოში დაზღვევა მოქალაქის სოციალური დაცვის ერთ-ერთი და ხშირად ერთადერთი პრაქტიკული მექანიზმია. ვინც კი დასავლეთის ქვეყანაში თუნდაც ერთხელ ყოფილა, იცის, რომ იქ ყოველდღიური ცხოვრება დაზღვევის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ჩვენთან ამ მიმართულებით ჯერაც ბევრია გასაკეთებელი და ალბათ საქართველოშიც მოვა დრო, როდესაც დაზარალებული მოქალაქე სახელმწიფოსკენ კი არ გაიშვერს ხელს ზარალის ანაზღაურების თხოვნით, არამედ თამამად მივა თავის სადაზღვევო კომპანიასთან.

თუ რამდენად სწრაფად დადგება ეს დრო, დამოკიდებულია სადაზღვევო ინდუსტრიის მონაწილეებზე – სადაზღვევო კომპანიებზე. აუცილებელია, მოქალაქე მიხვდეს, რომ მოულოდნელი ზარალის გაკონტროლებაც შესაძლებელია და რომ დაზღვევა არის ბიუჯეტის მართვის ფინანსური ინსტრუმენტი. 

პირველ ეტაპზე კომერსანტმა გადაწყვიტა მოეკვლია დაზღვევის შედარებით პოპულარული სახეობის – ავტოდაზღვევის (ავტოკასკო) ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის, არა მხოლოდ შემოსავლების სიდიდის, არამედ, პირველ რიგში, ანაზღაურებული ზარალების მიხედვით, რაც, ლოგიკურად, მოქალაქისთვის კომპანიის ეფექტიანობის ყველაზე მთავარი მაჩვენებელია. ამისთვის ვისარგებლეთ 2015 წლის პირველი სამი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკით (www.insurance.gov.ge), ხოლო გავითვალისწინეთ მხოლოდ ის სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც არანაკლებ ათასი ავტომობილი აქვთ დაზღვეული. 

ავტოკასკოს ბაზარზე შემოსავლების, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობისა და ანაზღაურებული ზარალების წილების მიხედვით ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება (პროცენტები გასაშუალოებულია სამივე პარამეტრის მიხედვით):

1. ალდაგი – 42,29 %

2. ჯიპიაი – 18,71 %

3. კოპენბური – 10,95 %.

ამის შემდეგ ყურადღება გავამახვილეთ კომპანიების მიერ თითო დაზღვეულ ავტომობილზე საშუალოდ გადახდილ ანაზღაურებებზე (ზედნადები ხარჯების გარეშე), ანუ გვაინტერესებდა ყველაზე მაღალი გადახდების მქონე კომპანიები. პირობითად, ამას შესაძლოა კლიენტებისადმი ლოიალობის მაჩვენებელი ეწოდოს. საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლის მქონე კომპანიებში ბაზრის ლიდერები არ მოხვდნენ. კერძოდ, ლოიალობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. არდი –  586,46 ლარი

2. კოპენბური – 539,59 ლარი

3. ირაო – 411,51 ლარი.

როგორც ვხედავთ, ყველაზე შემოსავლიან და ყველაზე ლოიალურ სამეულებში მხოლოდ კოპენბურია, ხოლო ამ პარამეტრით კიდევ უფრო ლოიალურები არიან არდი და ირაო. რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ არდის, ირაოსა და კოპენბურს ყველაზე ოპტიმალური ზედნადები დანახარჯები და მოგების მარჟა აქვთ, რაც მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნაც, რომ, მაგალითად, ყველაზე შემოსავლიანი ალდაგისა და ჯიპიაის პორტფელები უფრო სპეციფიკურია:

მათი კლიენტები ან უფრო უკეთესი მძღოლები არიან და ნაკლები ავარია მოსდით, ან მათ პროდუქტებს უფრო მეტი გამონაკლისები აქვთ და შესაბამისად კომპანიებს ნაკლების ანაზღაურება უწევთ.  

ბიზნესეთიკური მოსაზრებების გამო, ვიფიქრეთ, დაგვესახელებინა თუ არა ყველაზე დაბალი გადახდების მქონე სადაზღვევო კომპანიები, ანუ ის კომპანიები, რომლებიც ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ მათ მიერვე დაზღვეულ თითო ავტომობილზე. გადავწყვიტეთ, რომ სრული სურათისთვის სასურველია მომხმარებელს ეს ინფორმაციაც მივაწოდოთ. კერძოდ, ავტოზარალების დაბალი გადახდების მიხედვით სადაზღვევო კომპანიების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. უნისონი – 277,00 ლარი (აღებულია 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემები)

2. ქართუ – 299,26 ლარი

3. ალფა – 350,08 ლარი

ასევე, დავინტერესდით, რომელ კომპანიას რა ფასები აქვს (გამოვთვალეთ კომპანიის მთლიანი შემოსავლებისა და დაზღვეული ავტომობილების რაოდენობის შეფარდებით). კერძოდ, ყველაზე ძვირადღირებული ავტოკასკოს მქონე სადაზღვევო კომპანიების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. არდი – 908,59 ლარი

2. აისი – 893,88 ლარი

3. კოპენბური – 853,61 ლარი

ხოლო ყველაზე იაფი პროდუქტი აქვთ:

1. უნისონი – 404,46 ლარი

2. ქართუ – 503,17 ლარი

3. ალდაგი – 688,53 ლარი.

ამგვარად, ქართული სადაზღვევო ბაზარი მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს: ფასი იწვევს ხარისხს, ხოლო პროდუქტის შეძენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც უშუალოდ სადაზღვევო ნაწილზე (რისკებს, გამონაკლისებზე და შეფასება-ანაზღაურების პროცედურაზე), ისე სხვა ბენეფიტებზე, რასაც კომპანიები დამატებით თავაზობენ (ავტომობილის რეცხვა, ევაკუაცია და სხვა).

ცხადია, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მშრალი სტატისტიკური მონაცემების მიღმა დარჩენილიყო ისეთი ფაქტორები, რომლებიც სურათს მეტ მრავალფეროვნებას მიცემდა. ამიტომ, კომერსანტი მიიღებს ნებისმიერ დასაბუთებულ შენიშვნას წარმოდგენილი რეიტინგების შესახებ, რათა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება უფრო სრულყოფილი და მრავალმხრივი გახდეს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …