ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომლებსაც წინათ ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, დღეს იკურნება.
მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო გვიახლოვდება ხანა, როდესაც ბანალური ინფექციები ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს და ანტიბიოტიკები უსარგებლო საშუალებებად იქცევა.
“ფრთხილად გამოიყენეთ ანტიბიოტიკები”, “არ ვიმოქმედებთ დღეს, ვერ ვუმკურნალებთ ხვალ”, “ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა – გლობალური საფრთხე”, – ასეთი გზავნილებითაა აჭრელებული ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამედიცინო გამოცემა, ვინაიდან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა თანამედროვე მსოფლიოს მართლაც უდიდეს პრობლემად ჰქცევია.
ამაში ბრალი მიუძღვის დაუდევრობას, არასათანადო განათლებას, არასწორ პრაქტიკას. შეიძლება ითქვას, რომ მიკრობები ადამიანებზე გონიერები აღმოჩნდნენ – ისინი უფრო და უფრო მეტად ხვეწენ მოქმედების გზებსა და თავდაცვის საშუალებებს, ჩვენს შეცდომებს კი ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ.
ნუთუ გვინდა, ფილტვების ანთებას ისევ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, ტუბერკულოზი კვლავ მკვლელ ინფექციად იქცეს, მარტივი ჩირქოვანი პროცესი სასიკვდილო განაჩენში გადაიზარდოს? თუ არა, მაშ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესამცირებლად. ჩვენი სტატიის მიზანიც სწორედ ისაა, მეტი შევიტყოთ ანტიბიოტიკებისა და მათი რაციონალური – საჭირო დროს და საჭირო ხანგრძლივობით – გამოყენების შესახებ.