რატომ ვითარდება კანის სიმსივნე? რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევეცნიისთვის? როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება.
– ადამიანს კანზე და რბილ ქსოვილებში უჩნდება წარმონაქმნები, რაც საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მათი დაყოფა შეიძლება სახეობების მიხედვით: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საშიშროებით) და ავთვისებიანი.
კანის და რბილქსოვილოვანი სიმსივნეები, ისევე როგორც ზოგადად ქსოვილები, შედგება უჯრედებისაგან, მაგრამ, ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით, სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებს განუსაზღვრელი გამრავლება, მას სიმსივნური ტრანსფორმაცია ეწოდება, შედეგად წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს, იძლევა მეტასტაზებს.
– რატომ ვითარდება კანის სიმსივნე?
გაღიზიანების თეორია – ამ თეორიის თანახმად, ქსოვილების ხშირი ტრავმატიზაცია აჩქარებს უჯრედების დაყოფას: ტრავმის შემდგომ ისინი იძულებულნი ხდებიან, სწრაფად დაიყონ, რათა ჭრილობა დროულად შეხორცდეს და ამით ბიძგს აძლევენ ორგანიზმში სიმსივნურ ზრდას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხალები, რომლებიც ტანსაცმლით ხშირი ცვეთისა და გაღიზიანების შედეგად ავთვისებიან წარმონაქმნებად გარდაიქმნება.
ფიზიკურ-ქიმიური თეორია – იგი სიმსივნეების განვითარების მიზეზად ორგანიზმზე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორის ზემოქმედებად მიიჩნევა. ეს ფაქტორებია რენტგენისა და გამა-გამოსხივება, კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედება, უჯრედთა ონკოტრანსფორმაციას იწვევს.
ენდოგენური კანცეროგენების ზემოქმედება – მოგეხსენებათ, ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება მეტაბოლური პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ასეთ ნარჩენს უნარი შესწევს, უჯრედების სიმსივნური ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. მაგალითად, დადგენილია ამ პროცესში ტრიფტოფანისა და თიროზინის მეტაბოლიტების როლი. ისინი ონკოცილებს წარმოქმნიან, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნურ გარდაქმნას აპროვოცირებენ.
ვირუსულ-გენეტიკური თეორია – ზოგიერთი ვირუსი უჯრედებში შეჭრისას არღვევს დაყოფის მარეგულირებელ მექანიზმებს და სიმსივნურ ტრანსფორმაციას იწვევს. უჯრედების გენეტიკური აპარატის ცვლილების შემდგომ უწესრიგო დაყოფა თავისთავად გრძელდება და ამ პროცესში საკუთრივ ვირუსი მნიშვნელოვან როლს უკვე აღარ ასრულებს. ასეთ ვირუსებს ონკოვირუსებს უწოდებენ. ონკოვირუსებია: T-უჯრედოვანი ლეიკოზის ვირუსი, პაპილომავირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ჰერპეს-ვირუსი, B დაC ჰეპატიტების ვირუსები.
მუტაციური თეორია – სიმსივნური პროცესის განვითარების მიზეზად კანცეროგენების, ანუ სიმსივნის გამომწვევი ფაქტორების გავლენით უჯრედების გენეტიკურ აპარატში მიმდინარე მუტაციებს მიიჩნევს. ფაქტორებს, რომლებიც უჯრედის გენეტიკურ აპარატში მუტაციებს იწვევს, მუტაგენები ეწოდება. ყველაზე ჯანმრთელ ორგანიზმშიც კი მუდმივად მიმდინარეობს ერთეული მუტაციები და მათი სიმსივნური ტრანსფორმაცია, მაგრამ ნორმაში იმუნური სისტემა “არასწორ უჯრედებს” სწრაფად ანადგურებს.
დეზონტოგენური თეორია – სიმსივნის მიზეზი ჩანასახოვან-ემბრიოგენულ სტადიაზე ქსოვილთა განვითარების დარღვევაა, რაც შემდგომ მაპროვოცირებელ ფაქტორთა გავლენით ონკოლოგიურ წარმონაქმნად ტრანსფორმირდება.
– რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევეცნიისთვის?
– კანის და რბილქსოვილოვანი წარმონაქმნები იქნება თანდაყოლილი თუ შეძენილი უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ დაკვირვებას.
• კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც;
• მაქსიმალურად დაიცავით ბავშვები მზისგან, ქუდით, ტანსაცმლით (რეგულარულად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, ლოსიონი მზის დაცვის მაღალი ფაქტორით (30-დან 50-მდე));
• შეეფარეთ ჩრდილს, როდესაც ზაფხულის მზე მეტისმეტად მწველია (10-დან 16-საათამდე);
• დაიცავით კანი და თვალები ქუდით, პერანგით, სათვალით;
• არ მიიღოთ მზის დამწვრობა! მიეცით კანს საშუალება, ნელ-ნელა შეეჩვიოს მზეს;
• მოერიდეთ სოლარიუმში სიარულს;
• თუ იმყოფებით მთაში ან ზღვაზე, წაისვით საცხი მზის დაცვის მაღალი ფაქტორით.
– ვინ მიეკუთვნება კანის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფს?
• ღია ფერის კანის მქონენი, ან ისინი ვინც ადვილად იწვებიან მზეზე;
• რომლებსაც ბავშვობაში მიღებული აქვთ მზის დამწვრობა;
• რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე;
• რომლებიც ხშირად დადიან სოლარიუმში;
• რომელთაც აქვთ მრავლობითი ხალი (40-50-ზე მეტი);
• რომელთაც აქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• რომელთა ასაკი აღემატება 50 წელს;
• რომელთაც აქვთ გადანერგილი ორგანო;
– თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც:
• არათანაბრად იზრდება და დაირღვა კონტური
• იცვალის ფერს – დაკარგა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ
• არათანაზომიერი გახდა შეფერილობა – გაჩნდა ერთზე მეტი ფერი – ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან მოცისფრო, პერიფერიაზე გაჩნდა ქობა
• ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა;
• ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა – ანთებითი სიწითლე.
• ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა;
• ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ;
• ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები და სისხლმდენია.
ეს ნიშნები საგანგაშოა და სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის ჩარევას!
– ტარდება დიფერენციალური დიაგნოსტირება კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპით, ასპირაციული და საჭიროების შემთხვევაში ტრეპან ბიოფსიით. ეს აუცილებელი პირობაა შემდგომი, სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის, ვინაიდან ონკოლოგიის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე ავთვისებიანი სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში, რათა არ განმეორდეს სიმსივნური ზრდა. ასევე გამოიყენება მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები, რომლებიც რეალურ შედეგს იძლევა.