მთავარი » კვირის ინტერვიუ » როდის და რა გზით უნდა გაიაფდეს მედიკამენტები – ექიმები გამოსავალს ჯენერიკებში ხედავენ
ხელისუფლება მუშაობს წამლების გაიაფების პროგრამაზე.საუბარია ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაზე. გაიაფების ნაცვლად ბაზარზე მედიკამენტები გაძვირდა.

როდის და რა გზით უნდა გაიაფდეს მედიკამენტები – ექიმები გამოსავალს ჯენერიკებში ხედავენ

როდის დაიწყება ქართულ ბაზაზრე მედიკამენტების გაიაფება? როგორც უკვე ცნობილია, ხელისუფლება მუშაობს პროგრამაზე, რომელსაც შედეგად წამლების გაიაფება უნდა მოჰყვეს, საუბარია ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაზე.

აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გაიაფების ნაცვლად ბაზარზე მედიკამენტები გაძვირდა.

,,იმედის კლინიკის’’ მეან-გინეკოლოგის ირინა ქოროღლიშვილის განცხადებით, წამალზე ფასები თითქმის გაორმაგდა, რაც სრულიად მიუღებელია.

„შეიძლება ითქვას, რომ წამალზე ფასი გაორმაგდა. მოგეხსენებათ, პაციენტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ პროცესი ასე გაგრძელდება,  პაციენტების დიდი ნაწილი ვეღარ შეძლებს მკურნალობის კურსის გავლას და ექიმის მიერ გაწეული ძალისხმევა იქნება სრულიად უშედეგო. საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია სახელმწიფოს მიერ,“ – აცხადებს ქოროღლიშვილი.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებასთან და ქვეყანაში ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ექიმების უმრავლესობა უარს იტყვის ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტებზე და პაციენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე  გამოუწერს ხარისხიან დაბალი ფასის მქონე ჯენერიკ მედიკამენტს.

ირინა ქოროღლიშვილის აზრით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის არსებობს აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მედეა აბრამია აცხადებს, რომ თუ წლების წინ მათი ასოციაციის დახმარებით წელიწადში 40–დან 80 ბავშვამდე სამკურნალოდ საზღვრგარეთ მიდიოდა. ამ ეტაპზე კი  მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. შემცირდა მოზარდების ავადობაც.

„მაგალითად, ოსტეომიელიტის დიაგნოზით წელს მხოლოდ ერთი ბავშვი გამოვლინდა, ეს დაავადება განკურნებადი გახდა მთლიანად საქართველოში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის სიკეთეს ნამდვილად ვხედავ,“ – აცხადებს აბრამია და მთავარ პრობლემად ისიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს მიიჩნევს.

მისი თქმით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, მაგრამ იმისათვის, რომ  ეს წარმატებულად განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის დანერგვა:

„მივესალმები, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას საკუთარ თავზე აიღებს. საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ადამიანს უნდა შეეძლოს საუკეთესო ხარისხის მედიკამენტით მკურნალობა. თუ სახელმწიფო ამას თავის თავზე აიღებს, ეყოლება ჯანმრთელი საზოგადოება. ჯენერიკებს მთელი მსოფლიო მოიხმარს.

ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სადაც ჯენერიკ მედიკამენტების შემოწმება მაღალ დონეზე განხორციელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი მულტივიტამინი გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც შემოგთავაზა მომწოდებელმა კომპანიამ. თუ ქვეყენაში იქნება ლაბორატორია, რომელსაც ვენდობი და  წამლის შემოწმებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს არაეფექტიანი წამლის მოხმარებას.“

მედიკოსები გამოსავალს ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავენ. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმის, გენეტიკოსისა და ემბროლოგის ქეთევან ტუხაშვილის განცხადებით,  ბოლო პერიოდში, მედიკამენტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა და საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება.

„ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია, რაც ბრენდულ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება,“ – აცხადებს ტუხაშვილი.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …