რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ავალიანმა ეს თანამდებობა დატოვა და მუშაობას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში გააგრძელებს, სადაც ის მანამდე მუშაობდა და სადაც ასევე აგრძელებდა საქმიანობას რესპუბლიკური კლინიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების პარალელურად.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ზაზა ავალიანის წასვლის შემდეგ გენერალური დირექტორის მოვალეობებს კლინიკური მენეჯერი თეა თავართქილაძე შეასრულებს.
ილია ღუდუშაურის თქმით, ავალიანი თავიდანვე დროებით იქნა კლინიკაში მივლენილი, რათა გარდამავალ პერიოდში, ვიდრე გადაწყდებოდა, როგორ განვითარდებოდა რესპუბლიკური საავადმყოფო, ადმინისტრაციული საკითხები მოეგვარებინა.
ამასთან, ღუდუშაურის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისგან შეიქმნა ჯგუფი, რომელიც პერსონალთან იმუშავებს, რათა გააცნონ ის კონცეფცია, რომელიც მინისტრმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებდა ჯანდაცვის სამინისტროს იმ გეგმებს, რომელთა თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა დაინგრეს და მის ნაცვლად ახალი აშენდეს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, გადაწყვეტილება – კლინიკა დაინგრევა და ახალი აშენდება თუ მისი რეაბილიტაცია მოხდება – რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტული დასკვნის მიღების შემდეგ იქნება მიღებული.