მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით დეტალური გეგმა მზადდება – თამარ გაბუნიას განმარტება

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით დეტალური გეგმა მზადდება – თამარ გაბუნიას განმარტება

პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და განვითარება არის სტრატეგიული პრიორიტეტი.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, დაიგეგმა კონკრეტული პროექტები. ასევე ჩატარდა მუშაობა რესურსის მობილიზების კუთხით. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს სერიოზული მომავალი ჯანდაცვის სექტორისთვის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მას შეუძლია, ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს რეგიონში საუკეთესო ხარისხის სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას.

„ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ასევე მათი დასაქმების კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხანში გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას, კონცეფციისას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის. ვფიქრობ, მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც ყველა შეკითხვა, თუკი დღეს რაიმე ისმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო როლთან და ბედთან დაკავშირებით, ამოიწურება. კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის სრულიად გამორიცხული.

რესპუბლიკური საავამდმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობას შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შიდა პროცესები გარდამავალ პერიოდში მიმდინარეობს და ამას დაჭირდება გარკვეული განმარტებაც.

„ვფიქრობ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი ამასთან დაკავშირებით პერსონალს პასუხს გასცემს. უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში. დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ. მის განცხადრებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

იმის შესახებ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული შენობა დაინგრევა და იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა აშენდება, ჯანდაცვის მინისტრმა თებევრლის დასაწყისში განაცხადა. მისი თქმით, ახალ შენობაში  ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი ცალკე შენობის ან ფლიგელის სახით განთავსდება.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …