მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რესპუბლიკურ საავადმყოფოში სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საბოლოო დასკვნა არ არსებობს, თუმცა რაიმე გლობალური დარღვევა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ თანამდებობა ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის პერიოდში გამოკვეთილი დარღვევების გამო დატოვა.

ილია ღუდუშაურის განცხადებით, მას შემდეგ რაც პანდემია შესუსტდა, კლინიკებში, მათ შორის კერძო სამედიცინო დაწესებულებებში, არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რადგან ახალი გარემოებებიდან გამომდინარე კლინიკებს ახალი მიმართულებების დამატება სჭირდებათ, ასევე ესაჭიროებათ სერვისების გადწაყობა და ა.შ.

„ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები –  რამდენიმე დღე იყო დაკეტილი და არ იღებდა პაციენტებს, რადგან მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რომ მომხდარიყო მისი გადაწყობა ჰიბრიდულ რეჟიმზე. ამასთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიცვალოს ხელმძღვანელობა,  და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ლიკა ჭუმბურიძე, რომელიც უხელმძღვანელებს ახალი სერვისების დამატებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას. არსებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება კლინიკაში და უხელმძღვანელებენ იმ მიმართულებებს, რასაც აქამდე ხელმძღვანელობდნენ. ამასთან, კლინიკა განახლებულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას ოთხშაბათიდან და ასევე წარმოდგენილი იქნება სტრატეგია, რა სერვისები იქნება დამატებული და რა პერიოდში. რესპუბლიკური საავადმყოფო რჩება ერთერთ უმსხვილეს სახელმწიფო კლინიკად, რომლის განვითარებაც სამინისტროს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ილია ღუდუშაურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება, თუ რომელ მიმართულებას რომელი მენეჯერი  უხელმძღვანელებს, არცერთი მათგანი არაა გათავისუფლებული და ეს პროცესები გეგმიური გადაწყობის ფარგლებში მიმდინარეობს, რათა ინფექციის კონტროლის ნაწილში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო იყო შეზღუდული სერვისები რამდენიმე დღე.

„ეს გეგმიური ნაწილია და ამას არ უკავშირდება ხელმძღვანელობის ცვლილება, რადგან აუდიტის დასკვნა ჯერჯერობით არაა დასრულებული და მიმდინარე პროცესშია. საერთო დასკვნა არ არსებობს ამ ეტაპზე. როგორც ფინანსური კუთხით,ისე ინფექციური კონტროლის ნაწილსაც სწავლობს აუდიტი და დაიდება საბოლოო დასკვნა, თუმცა რაღაც დარღვევები გლობალური ჯერჯერობით, საბედნიეროდ, დადგენილი არ არის,“- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

დარღვევების აღმოჩენას უარყოფს ლევან გოფოძეც. როგორც ის აცხადებს, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო და მუშაობას იმავე კლინიკის ქირურგიული განყოფილებაში გააგრძელებს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …