სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის კლინიკების შემოწმება მარტივდება. უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, სააგენტოს უფლება ეძლევა, მიიღოს წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებზე.
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, აღნიშნულის მიზანია სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესაბამისობის კონტროლი. ამასთან, შსს-ს საინფორმაციო ბაზებთან
რეალურ დროში წვდომის მიღება სააგენტოს ნებართვისა თუ ლიცენზიის როგორც გაცემამდე, ისე გაცემის შემდგომ პერიოდში შეეძლება.
როგორც რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული უფლება მათ ტექნიკურად გაუმარტივებს ინფორმაციის გადამოწმებას სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რათა დარღვევაზე რეაგირება უფრო ოპერატიულად მოახდინონ. მათი განცხადებით, აღნიშნულ დადგენილებას მოჰყვება მემორანდუმის გაფორმება შსს-სთან, რათა დაზუსტდეს, რა სახის ინფორმაციაზე წვდომას მისცემს მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათივე განცხადებით, ბაზებზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფთიაქების მხრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.