კარდიოლოგი ეთერ ცეცხლაძე მედიკამენტების ხარისხის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საჭიროა რეგულაციების გამკაცრება, რათა ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი პრეპარატები იყოს ხელმისაწვდომი.
„მართებული არაა მიდგომა, რომ ერთი კომპანია არის ცუდი, მეორე – კარგი და ა.შ. მე არ ვთვლი, რომ ყველა ქართული წამალი ცუდია და ყველა ევროპული – კარგი. ევროპაშიც არის კარგი და ცუდი ხარისხის მედიკამენტები. ბუნებრივია, ალბათ არსებობს მედიკამენტებს შორის განსხვავება ხარისხის თვალსაზრისით, თუმცა, თუ პრეპარატი სწორადაა შერჩეული, არამგონია, ხარისხებს შორის განსხვავება იმხელა იყოს, რომ ამან გამოიწვიოს პაციენტის დაზარალება. მთავარია მკურნალობა სწორად იყოს შერჩეული.
ამიტომ ვფიქრობ, რომ რეგულაციები, რომელიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს აკონტროლებს, უფრო მკაცრი უნდა იყოს, რათა ხარისხიანი მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ალბათ მივალთ იქამდეც, როდესაც უფრო მკაცრი რეგულაციები გვექნება და უკეთესი ხარისხის პრეპარატები იქნება ბაზარბზე“, – მიიჩნევს იგი.
ეთერ ცეცხლაძე საუბრობს ჯენერიკულ და ორიგინალ პრეპარატებს შორის განსხვავებაზე და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯენერიკული მედიკამენტების ორიგინალებისადმი „მიმსგავსების“ ხარისხი იყოს მაღალი.
„არსებობს ორიგინალი და ჯენერიკული პრეპარატები. ჯენერიული მედიკამენტები უნდა აკმაყოფილებდნენ ძალიან მკაცრ კრიტერიუმებს, რომ ევროპულ, კანადურ, ამერიკულ, ავსტრალიურ თუ იაპონურ ფარმაცევტულ ბაზრებზე მოხვდნენ. საქართველოში ეს რეგულაცია არ არის მკაცრი.
კვლევები, რომლებიც დაადგენს რეალურად რამდენად შესაბამისია ჯენერიკი მისი ორიგინალისა, ფაქტობრივად, ფორმალურად ტარდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ჯენერიული პრეპარატები უნდა არსებობდნენ და ასევე, უნდა არსებობდნენ კომპანიები, რომლებიც ჯენერიკებს, ანუ მიმსგავსებულ მედიკამენტებს აწარმოებენ.
მაგრამ, მარტივად რომ ვთქვათ, „მიმსგავსების“ ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ პრაქტიკულად განსხვავება არ უნდა იყოს ორიგინალსა და ჯენერიკს შორის. თუმცა, ასეთი ბიოექვივალენტური კვლევების ჩატარება ძალიან ძვირი ღირს ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და დიდი პოპულაციის გამოკვლევასთან. ამიტომ, ხშირად სხვაგან ხდება მსგავსი კვლევები და შემდგომში დოკუმენტს წარადგენენ, ეს უფრო მარტივია.
რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, უფრო ვენდობით იმ ჯენერიკებს, რომელთაც აქვთ ხარისხის სერტიფიკატი. ჩვენი ბოლო წლების ამოცანაა და ვიბრძვით ამისთვის, რომ მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტები დავნიშნოთ. ამიტომ პირველი რიგის ამოცანაა და უმნიშვნელოვანესია ჩატარდეს ბიოექვივალენტური, ან სხვა ტიპის კვლევები, რომლებიც ჯენერიკების ხარისხს გააუმჯობესებს. შედეგად ბაზარზე გვექნება მხოლოდ ის მედიკამენტები, რომლებიც ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებენ“, – განაცხადა ეთერ ცეცხლაძემ.