მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეგულაცია, მოლაპარაკებები მწარმოებლებთან და რეფერენტული ფასები – როდის გაიაფდება ონკოლოგიური მედიკამენტები

რეგულაცია, მოლაპარაკებები მწარმოებლებთან და რეფერენტული ფასები – როდის გაიაფდება ონკოლოგიური მედიკამენტები

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 25 ათასლარიანი წლიური  ლიმიტის მოხსნის შესახებ ონკოლოგები ეხმიანებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარს შეადგენს, თუმცა პაციენტები და ექიმები აცხადებენ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პაციენტთა ნაწილს 25 ათასი ლარი არ ესაჭიროება, ნაწილს კი, კიბოს გარკვეული სახეობების სირთულიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდებათ. ამიტომ ისინი აქციების, პეტიციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ფორმით წლებია ითხოვენ ამ მიდგომის შეცვლას.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ განაცხადეს, რომ იგეგმება ამ ლიმიტის მოხსნა, თუმცა მანამდე მიღწეულ უნდა იქნეს მედიკამენტებზე ფასების შემცირება როგორც რეფერენტული ფასების დაწესების, ისე მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ონკოლოგები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებამ პრაქტიკული შედეგები რაც შეიძლება მალე უნდა მოიტანოს, რადგან რთული ონკოლოგიური დიაგნოზის შემთხვევაში თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ონკოლოგების თქმით, არასაკმარისი ფინანსების გამო ხშირად ასეთ ონკოპაციენტებს თანამედროვე მედიკამენტების მიღებაზე, ზოგჯერ კი მკურნალობაზე უარის თქმაც უწევთ.

„ყოველწლიურად გვაქვს სხვადასხვა მკურნალობის სტანდარტები სხვადასხვა თანამდეროვე მედიკამენტებით, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია. რასაკვირველია ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც საუკეთესოა, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგი ონკოლოგიური დაავდების დროს სწორედ ეს ძვირადღირებული მედიკამეტებია საჭირო, რომლებიც წლიურ 25 ათასიან ლიმიტში ვერ ეტევა, და პაციენტებს უწევთ მხოლოდ რამდენიმე თვით 1-3 თვემდე მკურნალობის ჩატარება და შემდგომ წლის განმავლობაში რჩებიან მკურნალობის გარეშე, რაც რასაკვირველია დაავადების გამოსავალზეც უარყოფითად აისახება,“- განაცხადა კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ.

წამლების პირდაპირ მწარმოებლებიდან შესყიდვის გარდა, მედიკამენტებზე ფასების მოულოდნელი ზრდის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომელიც ფარმაცევტული ბაზარზე სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლს გაზრდის. პაკეტის შინაარსი უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი.

ამასთან, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, რომლებმაც ონკოლოგიურ წამლებზე ფასები მკვეთრად გაზარდეს, მოკვლევა დაიწყო. მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს გულისხმობს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …