მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეფერენტული ფასების სისტემა 15 იანვრიდან ამოქმედდება

რეფერენტული ფასების სისტემა 15 იანვრიდან ამოქმედდება

რეფერენტული ფასების სისტემა 15 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, თავდაპირველად იმოქმედებს გარკვეული გარდამავალი პერიოდი.

„იმისთვის, რომ მედიკამენტების რაციონალური გამოყენება მოხდეს და მათზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს, რეფერენტული ფასები არის ერთერთი ძალიან ეფექტური მექანიზმი, რასაც  ევროპის რეგიონის 30-ზე მეტი ქვეყანა იყენებს და ამ გამოცდილებას ასევე იზიარებენ სხვა ქვეყნებიც. ჩვენ გვაქვს მაღალი მზაობა, რომ დადგენილ ვადებში ფასები განისაზღვროს 50-მდე მოლეკულაზე – სულ არის 1000-1200 მედიკამენტი. სამუშაო პროცესი ღიაა, სექტორის მონაწილეებისგან შენიშვნები მოდის და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. 15 იანვრიდან ეს სისტემა გაეშვება, გარკვეული გარდამავალი პერიოდი აქ გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ორივე მხარეს მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უკვე რეალურად იგრძნონ ის სიკეთე, რომელიც რეფერენტული ფასების  ამოქმედებას დაუკავშირდება,“- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ამოქმედდება, 2023 წლის ბოლომდე კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ამოქმედდება. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …