15 მარტამდე ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზატორები წამლების რეფერენტულ ფასზე ძვირად გაყიდვის შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან, 15 მარტიდან კი ფულადი ჯარიმები ამოქმედდება.
ჯანდაცვის სპეციალისტის ლელა სულაბერიძის განცხადებით, დარღვევის შემთხვევაში რეალიზატორები 15 მარტამდე მხოლოდ გაფრთხილებებს მიიღებენ. 15 მარტის შემდეგ კი ამოქმედდება საჯარიმო სანქციები – პირველ ჯერზე ბიზნესოპერატორი გაფრთხილებას მიიღებს, დარღვევის გამეორების და ყოველი მომდევნო დარღვევის შემთხვევაში აფთიაქი დაჯარიმდება 5 ათასი ლარით, ხოლო საბითუმო რეალიზატორი 15 ათასი ლარის ოდენობით, მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევის დროს კი 30 ათასი ლარით.
ამასთან, სულაბერიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ კატალოგში მითითებულია სამი ფასი – პირველია შეფუთვის საბითუმო ფასი, დანარჩენი არის საცალო ფასები – შეფუთვის საცალო ღირებულება და ერთეულის საცალო ფასები. ამ ორს მოსახლეობა გამოიყენებს, რომ მოახდინოს მედიკამენტების ფასების გადამოწმება აფთიაქებში მათი შეძენისას.
რაც შეეხება 300-ზე მეტ მედიკამენტს, რომელზეც, ფარმაცევტული კომპანიების განაცხადის საფუძველზე ფასები დაკორექტირდა, მათზე ახალი ფასები ძალაში 15 მარტიდან შედის.
ვებგვერდზე ასევე დაიდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც აქამდე არ იყო კატალოგში. მათზე პრეტენზიების მიღების პროცედურები ჩაირთვება და 15 დღის ვადაში ფარმაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პრეტენზიების ფორმატში კვლავ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და კომისიურ ფორმატში კვლავ მოხდება მათი განხილვა.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 15 თებერვლიდან ამოქმედდა. შედეგად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
jandacva.ge