მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეფერენტული ფასების დარღვევისთვის ფარმაცევტული კომპანიებისთვის ჯარიმები ამოქმედდა

რეფერენტული ფასების დარღვევისთვის ფარმაცევტული კომპანიებისთვის ჯარიმები ამოქმედდა

რეფერენტული ფასების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდა. რეფორმა, რომელიც ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად, 15 თებერვლიდან ამოქმედდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა აღარ შეუძლებათ.

მართალია, რეფორმა 15 თებერვლიდან შევიდა ძალაში, თუმცა სექტორს ერთი თვე ჰქონდა იმისთვის რომ მედიკამენტებზე ფასები შეემცირებინა. ჯანდაცვის სამინისტრომ, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ელექტრონული ბაზა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც წამლის რეალიზაციის პროცესს მარეგულირებელი ონლაინ რეჟიმში აკვირდება. რეფერენტული ფასების დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიებს სანქციები 15 მარტიდან ეკისრებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცალო აფთიაქი პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებს, განმეორებით შემთხვევაში კი 5000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება საბითუმო რეალიზატორს, გაფრთხილების შემდეგ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში 15 000 ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა, სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 30 000 ლარს შეადგენს. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ამოქმედებისთანავე მისცა საშუალება, კონკრეტულ მედიკამენტებზე დაწესებული ფასების დაკორექტირების მოთხოვნით სპეციალურად შექმილი კომისიისთვის მიემართა. კომისია, რომელშიც სხვადასხვა სფეროს და უწყების წარმომადგენლები შედიან, აღნიშნულ მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

ამ მექანიზმით, 18 მარტიდან, რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

ჯამში ჯანდაცვის სამინისტრომ ზედა ზღვარი 1400-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დააწესა.

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …