საქართველო ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარების თვასაზრისით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. რამდენად არიან თავად ექიმები ინფორმირებულნი ანტიბიოტიკების უკუჩვენებებთან დაკავშირებით, ამ საკითხზე ოჯახის ექიმი გარდაბნიდან ქეთევან შალიკაშვილი საუბრობს.
„ანტიბიოტიკების მოხმარებისა და სწორად დანიშვნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ექიმი დაეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბაზარზე ახალი ანტიბიოტიკი შემოდის, ოჯახის ექიმებს რეგიონებში გაგვაცნონ ინფორმაცია მის შესახებ. თუმცა ინტერნეტის მეშვეობით თავადაც ვცდილობთ ხოლმე, რომ მოვიძიოთ ანტიბიოტიკების უკუჩვენება და დადებითი თვისებები და მხოლოდ მას შემდეგ დავნიშნოთ ისინი.
მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გზებით უნდა მოხდეს ექიმების ინფორმირებულობა. ახალი გაიდლაინები 2009 წლის შემდეგ აღარ გამოსულა და თუ კი შეიქმნება, პირადად მე მხოლოდ მივესალმები“, – აცხადებს შალიკაშვილი.
მედიკოსი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ნაკლებად ესმის ანტიბიოტიკების თვითნებურად მირების ფაქტების შესახებ, ამას შალიკაშვილი რეცეპტების შემოღებას უკავშირებს და ამბობს, რომ ინტერნეტის წყალობით პაციენტები თითქმის ექიმის მსგავსად ინფორმირებულები არიან წამლების დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ.
პაციენტები შედარებით მოწესრიგებულები გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში და როდესაც ჯანმრთელობის გაუარესებას გრძნობენ, ყოველთვის ცდილობენ მოვიდნენ ოჯახის ექიმამდე და გაიარონ სათანადო კონსულტაცია.