„თუ იმის შიში აქვთ, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანები კვდებიან, მინდა ვუთხრა, რომ არა მგონია 3 ან 6 თვეში გარდავიცვალო და გადახდა ვერ მოვახერხო“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ პენსიონერმა მარინა ჭელიძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც სააფთიაქო ქსელმა „ჯი-პი-სი“-მ წამლის განვადებით შეძენაზე ასაკის გამო უარი უთხრა.
როგორც ჭელიძემ აღნიშნა, მას ქრონიკული ასთმა აქვს და ყოველ კვირა წამლებში ძალიან ბევრი ფული ეხარჯება.
„როცა გავიგე, წამლების შეძენა განვადებით შემეძლებოდა, მაშინვე წამოვედი აფთიაქში. რაღაც განაცხადი შემავსებინეს და ცოტა ხანში მითხრეს, რომ მოთხოვნები ასაკის გამო ვერ დავაკმაყოფილე. ფარმაცევტმა მითხრა: 70 წელი უკვე შეგისრულდათ და ბანკმა განვადებაზე უარი გითხრათო. ხომ შეიძლება ყველა მომხმარებელს შეეძლოს განვადებით სარგებლობა. „თუ იმის შიში აქვთ, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანები კვდებიან, მინდა ვუთხრა, რომ არა მგონია 3 ან 6 თვეში გარდავიცვალო და გადახდა ვერ მოვახერხო“, – დასძინა მან.
გამოცემასთან საუბრისას, წამლების განვადების დამტკიცების კრიტერიუმზე უკმაყოფილება გამოხატა სოციალურად დაუცველმა გია ნაცვლიშვილმა, რომლის თქმითაც, განვადების პირობების ახსნისთანავე განაცხადის შევსებაზე უარი თქვა.
„რას არ მოიფიქრებენ. როცა პირობები ამიხსნეს, განაცხადი არც შემივსია. ისედაც ვიცოდი, რომ არ დამიმტკიცებდნენ. სოციალურიდან დახმარებას 50 ლარს ვიღებ და ჩემნაირს სჭირდება განვადებაზე თანხმობა, თორემ, აბა, 200 ლარი რომ მქონდეს შემოსავალი, განვადება რისთვის მინდა?! ხალხი რომ მიიზიდონ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, ათასი ცრუ შეთავაზებით ურევენ თავგზას და ადგილზე მისულებს ყველაფერი პირიქით ხდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა სააფთიაქო ქსელმა „ჯი-პი-სი“-მ წამლების განვადებით გაცემა დაიწყო. განვადებით სარგებლობა 20-დან 70 წლამდე ასაკის მომხმარებლებს შეუძლიათ, რომელთა შემოსავალი ყოველთვიურად მინიმუმ 200 ლარს შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ წამლების შენაძენი 100 ლარს შეადგენს და 20-დან 70 წლამდე მომხმარებლის ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარია, მას საშუალება ეძლევა, თანხა 3-დან 6 თვემდე ეტაპობრივად გადაიხადოს. მთავარი კი ის არის, რომ მას არც კრედიტი და არც განვადება არცერთ ბანკში არ უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება პენსიონერს, მისი ასაკი 70 წელს არ უნდა აღემატებოდეს და მისი შემოსავლის მინიმუმი 100 ლარს უნდა შეადგენდეს. 70 წელს გადაცილებული წამლების განვადებით ვერ ისარგებლებს.