რამდენიმე კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული კომპანიებისთვის გამკაცრებულ რეგულაციებს წარმოადგენს, რათა კომპანიებმა ფასების შეთანხმებულად ზრდა ვერ მოახერხონ და ბაზარზე დეფიციტები არ შეიქმნას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საქართველოს პირველ არხზე, გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
„ვმუშაობთ კონკრეტულ პოლიტიკაზე, მთავრობა უკვე დაგვეთანხმა ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებაში რეგულაციების გამკაცრებაზე. ამ ეტაპზე ვმუშაობთ კონკრეტულ მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ძალიან მალე წარმოვადგენთ. ეს იქნება ძალიან მყისიერი რეაგირება. მეთოდოლოგიების ერთ და ორ კვირაში შექმნა მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარს ვიცნობთ, რაღაც რისკებთან დაკავშირებით მომზადებულები ვიყავით, რაღაც საკითხებზე ნამუშევარი გვაქვს და ძალიან მოკლე ვადებში შევძლებთ გავამკაცროთ რეგულაციები. შევძლებთ, იმ ქმედებებზე, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ არაკეთილსინდისიერი, ძალიან მკაცრი რეაგირება გვქონდეს, შევაკავოთ ფასების მატება, რომელიც არის აბსოლუტურად ხელოვნური და გაუმართლებელი,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, რადგან ბევრი შემომტანი არაა, ბაზარზე დეფიციტები აქამდეც ხშირად დაფიქსირებულა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეფერენტული პოლიტიკის მომზადებისას სამინისტრო გარკვეულწილად ელოდებოდა კომპანიების მხრიდან გარკვეულ ქმედებებს, თუმცა ასეთი მასშტაბის ცვლილებების მოლოდინი არ ყოფილა. საუბარია მედიკამენტების ნაწილზე ფასების მკვეთრ მატებაზე, რაც რეფერენტული ფასების ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ საუბარი რეგულაციებისა და კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებაზე.
„გარკვეულწილად ველოდებოდით, მომზადებულები ვიყავით, ყველა რისკი გააზრებული გვქონდა, თუმცა არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ თავიდანვე ასეთი მკაცრი პოლიტიკა გვქონოდა, მაგრამ სექტორის მხრიდან ქმედება ისეთია, რომ უფრო მკაცრ რეაგირებას მოითხოვს,“- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მისი თქმით, რადგან სამუშაოები დაწყებულია, ახალი რეგულაციების მომზადებას რამდენიმე კვირა დასჭირდება და წარმოდგენილი იქნება გეგმა, რიგ შემთხვევაში კი – ახალი ფასებიც, რომლებიც რეგულაციაში მოექცევა.
კომპანიების ქმედებების შეფასებისას ღუდუშაური ამბობს, რომ სექტორმა რეფერენტული ფასების დაწესებით შემცირებული მოგების დაბალანსება სხვა მედიკამენტების გაძვირების გზიდ სცადა, რაც „აბსოლუტურად მიუღებელია“.
„ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასები გაზარდეს იმ მედიკამენტებზე, რომელთა ფასებიც რეფერენტულზე ბევრად დაბალი იყო – ეს იყო თურქული მედიკამენტები და ასევე გაზარდეს ფასები სხვა მედიკამენტებზე, რომლებიც პირველ ეტაპზე რეფერენტულ პოლიტიკაში არ მოხვდა. თავად ფარმაცევტული კომპანიების პასუხია ის, რომ ეს წამლები რეფერენტულ პოლიტიკაში არ ჯდება და ისინი მოქმედებენ კანონის დაცვით. რა თქმა უნდა, ეს კანონის ფარგლებში ჯდება, თუმცა დიდი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან რეფერენტული პოლიტიკის შემოღებასთან ერთად პირველივე დღეს ასეთი სწრაფი რეაგირების მოხდენა სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ეს კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ, რაც მომავალში აუცილებლად უნდა შეისწავლოს კონკურენციის სააგენტომ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ფარმაცევტული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ და ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სტრუქტურა არის ჰოლდინგური, რომელიც ბაზრისთვის არის დამაზიანებელი,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ბაზარზე მოქმედებს სამი ჰოლდინგი, რომელსაც წარმოებიდან დაწყებული, იმპორტთან და საცალო დისტრიბუციასთან ერთად, ჰოსპიტლები და რიგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებიც გააჩნიათ.
რაც შეეხება კომპანიების არგუმენტს იმის შესახებ, რომ ფასების ზრდა თურქეთში მედიკამენტების გაძვირებაა, ღუდუშაური ამბობს, რომ თურქეთში მედიკამენტების გაძვირება პერიოდულად ფიქსირდება, თუმცა ამას არ აქვს მასშტაბური ხასიათი.
„თურქეთში ეტაპობრივად, ყოველთვის მიდის ინდექსაცია. ამ არგუმენტის გასაბათილებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის არგუმენტი, რომ საქართველოში თურქული მედიკამენტების ფასი რიგ შემთხვევაში ევროპულ მედიკამენტებთან შედარებით სამჯერ იაფი იყო, სანამ ფასებს გაზრდიდნენ. თურქეთში ფასები იზრდება, მარგამ არასდროს 30-35%-ზე მეტი ინდექსაცია იქ არ ყოფილა. ფასები იქაური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იცვლება. ამასთან საქართველოში ლარსაც გამყარების ტენდენცია აქვს ევროსთანაც და დოლართანაც მიმართებაში, რაც მეტნაკლებად აბალანსებს. თან რეფერენტული ფასების შემოღების დღეს, წინა დღეებში და შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში, თურქეთის მხარეს არანაირი გადაწყვეტილება არ ჰქონია. ეს ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ ფასების აწევა იყო შეთანხმებული მოქმედება,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
jandacva.ge