სინოვაკის ვაქცინის გაკეთებამ ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა, გამოიწვიოს დაღლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, წნევს მატება. ამის შესახებ ნათქვამია დანართში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.
უკუჩვენებებში ჩამოთვლილია: ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ (პირველ დოზაზე ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში მეორე დოზა არ კეთდება), ორსულობა, ძუძუთი კვება.
დროებით უკუჩვენებებს შორისაა: ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება, COVID – 19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე, იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID – 19 აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით.
გაფრთხილების სახით დანართში ვკითხულობთ: სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა ან სისხლის შედედების დარღვევა, რაც შესაძლებელია ინტრამუსკულარული ინექიციისას გახდეს სისხლდენის მიზეზი;
პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან რომლებსაც იმუნოდეფიციტი აქვთ, იმუნური რეაქცია ვაქცინის მიმართ შეიძლება იყოს სუსტი. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებამდე ან უზრუნველყოფილი იყოს პაციენტების უსაფრთხოება. ვაქცინა რეკომენდებულია პაციენტებისთვის ქრონიკული იმუნოდეფიციტით, თუნდაც ძირითადმა დაავადებამ გამოიწვიოს შეზღუდული იმუნური პასუხი. პაციენტები არაკონტროლირებადი ეპილეფსიით და სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევებით, როგორიც არის გიენ-ბარეს სინდრომი.
დანართის თანახმად, პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, თუ იღებს, ახლახან მიიღო ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი ან სხვა ვაქცინა. „COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14 დღიანი ინტერვალის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19-ის ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება არასასურველ რეაქციებს, ესენია:
ა) ინიექციის ადგილას:
ა.ა) ძალიან ხშირი: ტკივილი;
ა.ბ) არახშირი: ადგილობრივი ფერის ცვლილება, შეშუპება, ქავილი, ერითემა, ადგილობრივი ჰიპოესთეზია, ინდურაცია;
ბ) სისტემური:
ბ.ა) ხშირი: დაღლილობა, ცხელება, მიალგია, დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი;
ბ.ბ) არახშირი: ღებინება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მუცლის შებერილობა, თავბრუსხვევა, ხველა, მადის დაკარგვა, ჰიპერმგრძნობელობა, მომატებული არტერიული წნევა.
სინოვაკის აცრა ტარდება 18 წლის და უფროსი ასაკის პირებში; აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს 2-4 კვირას;
შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინაზე დარეგისტრირება ხვალ, 21 მაისს, 12 საათიდან იწყება, აცრები კი 24 მაისიდან დაიწყება.