საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში არ დაკარგავს პირი სოციალურ დახმარებას, თუ მას ერთჯერადი შემოსავალი გაუჩნდება.
როგორც სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 70%-ის შემთხვევაში, სოციალური დახმარების დაკარგვის მიზეზი, სწორედ დროებითი სამსახურის შესახებ შეუტყობნებლობაა:
“მოსახლეობისთვის, რომლებმაც დაკარგა სოციალური დახმარება, გაუგებარი იყო მიზეზები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვამტკიცო, რომ ეს მეთოდოლოგია დღეს მდგომარეობით იდეალურია, თუმცა შემიძლია მოგახსენოთ ხარვეზები, რაც 70%-ის შემთხვევაში, იწვევს სოციალური დახმარების დაკარგვას. მე არ ვადანაშაულებ დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს, ეს ალბათ ჩვენი სისტემის ბრალია, რომ ვერ ვუხსნით ამ ხალხს სწორად.
70%-ის შემთხვევაში მიზეზია ის, რომ თუ მაგალითად ამ ადამიანმა ნახა დროებითი სამსახური, ამის შესახებ უნდა შეგვატყობინის, თუ არ შეგვატყობინა და ჩვენ ვნახეთ შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ბლოკავს.
ზოგჯერ მათ არ იციან, რომ უნდა შეგვატყობინონ, ზოგჯერ ეშინიათ, რომ თუნდაც ერთჯერადი შემოსავლის მიღებით არ დაკარგონ სოციალური დახმარება.
ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. იგივე ეხებათ, თუ პირველი რიგის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ მაღალი შემოსავალი და არ გვატყობინებენ წინასწარ, რომ დავუშვათ ჩემმა შვილმა იშოვა სამსახური. თუ შეგვატყობინებენ გაუგრძელდებათ, თუ არ იქნა შეტყობინება, სამწუხაროდ, სისტემა რეაგირებს ისე, რომ ავტომატურად იხსნება დახმარება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.