რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული Covid-ის ახალი შტამები? რა ახალ რისკებს უქმნის ისინი მოქალაქეებს? მოქმედებს თუ არა მათზე არსებული ვაქცინები და მოითხოვენ თუ არა ისინი ადამიანებისგან თავდაცვის ახალ საშუალებებს? Jandacva.ge-მ ამ თემაზე უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალები შეკრიბა და ცნობილი ქართველი სპეციალისტის შეფასებაც მოისმინა.
BBC წერს, რომ მთელ მსოფლიოში Covid-ის ათასობით ვარიანტია გავრცელებული. ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას და ამ ცვლილებების უმეტესობა არ არის არსებითი, მეტიც – ზოგიერთი ვირუსს აზიანებს კიდეც. თუმცა მუტირებული ვირუსების ნაწილმა შესაძლოა დაავადება უფრო გადამდები და საფრთხისშემცველი გახადოს.
ის სახეობები, რომელთაც პოტენციურად ყველაზე საშიში ცვლილებები აქვთ, „შეშფოთების გამომწვევ ვარიანტებად“ იწოდება და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოების ყურადღების ქვეშაა.
ესენია:
ინდური შტამი (B.1.617.2), რომელიც დიდ ბრიტანეთში უკვე 2 ათას ადამიანს დაუდასტურდა
ბრიტანული შტამი (B.1.1.7), რომელიც ბრიტანეთში პრევალირებს და რომელიც უკვე 200 ათას შემთხვევაშია დადასტურებული. ამ ეტაპზე ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და როგორც ჩანს, მუტაციას აგრძელებს.
სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (B.1.351) სულ მცირე 20 ქვეყანაშია იდენტიფიცირებული.
ბრაზილიური ვარიანტი (P.1) გავრცელებულია 10-ზე მეტ ქვეყანაში.
ბრიტანული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ამ შტამებიდან რომელიმე მოსახლეობისთვის დიდი ნაწილისთვის უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ტრადიციული ჩინური ვერსია. ისევე როგორც ორიგინალური ვირუსის შემთხვევაშია, ყველა ამ შტამის მიმართ მაღალი რისკის ქვეშ რჩებიან ხანდაზმული ან გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანები.
ამასთან, BBC-ს მოჰყავს ინგლისის მთავარი ექიმის პროფესორ კრის უითის სიტყვები, რომლის თანახმადაც, ინდური ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ეს ვარიანტი ბრიტანეთში დომინირებული იქნება.
არსებობს კვლევები, რომელთა თანახმად ბრიტანული ვარიანტი შესაძლოა ადამიანების გარდაცვალების რისკს 30%-ით ზრდიდეს, თუმცა ეს მოსაზრება საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
ცვლილებები განიცადეს ინდური, ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამების სპაიკის ცილებმა, რომლებიც ვირუსის ნაწილია და ადამიანის უჯრედებს ემაგრება.
ინდურ ვარიანტში რამდენიმე ასეთი ცვლილება ფიქსირდება, რამაც შესაძლოა ამ შტამის გავრცელება უფრო გაამარტივოს.
დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მონაცემები იმის მტკიცებისთვის, რომ ეს ცვლილება დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს ან არსებული ვაქცინები მის მიმართ ნაკლებ ეფექტიანია.
ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის მეორე ანალოგიური ვარიანტი, რომელიც ინდოეთშია გავრცელებული (B.1.617) დაახასიათა როგორც საყურადღებო.
ერთი მუტაცია კი, სახელწოდებით N501Y, რომელიც ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებს ახასიათებს, როგორც ჩანს ზრდის უჯრედების დასნებოვნების ხარისხს და ვირუსის გავრცელებას აადვილებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიტანული შტამი შესაძლოა 70%-ით უფრო გადამდები იყოს, თუმცა Public Health England-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი 30-50%-ს არ აღემატება.
ერთერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბრაზილიური ვარიანტი შესაძლოა უფრო გამძლე აღმოჩნდეს იმ ადამიანების ანტისხეულების მიმართ, რომლებმაც Covid-ი უკვე გადაიტანეს.
სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურ ვარიანტებს შესაძლოა ჰქონდეთ ძირითადი მუტაცია (E484K), რის გამოც შეიძლება ვირუსზე არ იმოქმედოს ანტისხეულებმა, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის ძირითადი ნაწილია.
და მთავარი კითხვა – ებრძვის თუ არა ვირუსის გავრცელებას არსებული ვაქცინები? BBC წერს, რომ ამ ეტაპზე არსებული ვაქცინები კორონავირუსის უფრო ადრეული ვერსიების საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ამის მიუხედავად მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი ახალი შტამების მიმართაც მოქმედებს, თუმცა მათი პოტენციური მოქმედება სავარაუდოდ ნაკლებ ეფექტიანი იქნება.
მანამდე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა და პრაქტიკულმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ახალი ვარიანტებისგან ნაკლებ ეფექტიანად, მაგრამ მაინც იცავს.
Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის შემქმნელების მონაცემებით კი, ეს პრეპარატი კარგად იცავს ბრიტანული შტამისგან, თუმცა შედარებით ნაკლებად – სამხრეთ აფრიკულისგან. თუმცა, დაავადების მძიმე მიმდიინარეობისგან პაციენტი მაინც უნდა დაიცვას.
ასევე არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმად, Moderna-ს ვაქცინა ეფექტიანია სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ, თუმცა იმუნური პასუხი შესაძლოა შედარებით სუსტი და უფრო მოკლე იყოს.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებული ვაქცინების მოდიფიცირება შესაძლებელია, რათა ისინი ახალ მუტაციებს უკეთ დაუპირისპირდნენ.
ოთხივე ვაქცინა, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია საქართველოში, ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებული, ბრიტანული შტამის მიმართ ეფექტიანია. ამის შესახებ jandacva.ge-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. კითხვაზე, არსებობს თუ არა მიახლოებითი პროცენტული მაჩვენებლები, რომელი ვაქცინა რამდენპროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა აღნიშნული შტამის მიმართ, ჩხაიძე აცხადებს, ასეთი მონაცემები მსოფლიოში არ არსებობს.
მედიკოსი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 8 ძირითადი მუტაციაა. მათ შორის ყველაზე მაღალი გადამდებლობით ბრაზილიური შტამი გამოირჩევა და არსებულ ვაქცინებს შორის „სინოვაკი“ ამ შტამის მიმართ ეფექტიანია (შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვაქცინით აცრა საქართველოში მომავალი კვირიდან იწყება).
იმ ვითარებაში, როდესაც ახალი კორონავირუსის ახალი შტამები კაცობრიობას ახალ საფრთხეს უქმნიან, მთელ მსოფლიოში სპეციალისტების რჩევაა, იმისთვის, რომ დაინფიცირება ავიცილოთ თავიდან, დავიცვათ უსაფრთხოების მარტივი ზომები: დავიბანოთ ხელები, დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.