ჯანდაცვის სამინისტრომ, „გლობალური ალიანსის“ ინიციატივით, პროექტი „რა გაწუხებთ?“ წამოიწყო. პროექტი მოსახლეობის გამოკითხვას და მათი პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენას გულისხმობს.
მიღებულ შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო სამომავლოდ პროგრამებისა თუ რეფორმების დაგეგმვისას გაითვალისწინებს.
აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ეხმაურება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მჭიდრო კომუნიკაცია არსებობს მოსახლეობასთან, რომელიც ხელისუფლებისათვის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს, რათა ზუსტად იცოდეს მათი პრობლემების შესახებ. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის მესამედი სოციალურ პაკეტებს ეთმობა და ბუნებრივია, მისი მიზნობრივი ხარჯვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივაა“, – განაცხადა მიროტაძემ.
დეპუტატის განცხადებით, ეს ინიციატივა დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს, დაგეგმვისას პროგრამები მოსახლეობის მოთხოვნებს ზუსტად მოარგოს.
„წინასწარ ვერავინ იტყვის, იქნება რეფორმა გარანტირებულად წარმატებული თუ არა, მაგრამ წინასწარ ვიცოდეთ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჯანდაცვის მიმართულებით, სად უნდა დაიხარჯოს მეტი თანხა და როგორ. ჩვენ არც ის ვიცით, როგორია პროცენტულად დაავადებების სტატისტიკა. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს თუნდაც ამ სტატისტიკის გაჩენას და შემდგომში უფრო მორგებული იქნება მოსახლეობაზე ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს“, – აცხადებს ანი მიროტაძე.