“ვითხოვთ შრომის ინსპექციას ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ღირსებისთვის”, – ეს იმ საპროტესტო აქციის ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც დღეს პროფკავშირების გაერთიანებამ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად გამართა.
მთავრობის კანცელარიასთან შრომის ინსპექციის მოთხოვნით აქცია გაიმართა, 28 ოქტმობერი, 2016
მთავრობის კანცელარიასთან შრომის ინსპექციის მოთხოვნით აქცია გაიმართა, 28 ოქტმობერი, 2016
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge
აქცია მოქალაქეების სტვენის ფონზე მიმდინარეობდა. მისმა მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკის არქონის გამო, ბოლო წლებში გარდაცვლილთა სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეახსენეს და მოუწოდეს საკანონმდებლო ორგანოს, შეკრებისთანავე დაიწყოს საკანონდმებლო ცვლილებებზე მუშაობა იმისთვის, რომ მოქალაქეთა შრომითი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
გიორგი თაბუკაშვილი სპეციალურად ამ აქციაზე თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ზვარედან ჩამოვიდა. ამბობს, რომ იქ გვირაბის მშენებლობაზე მუშაობს და დღეს იმ ადამიანებს გამოუცხადა სოლიდარობა, რომლებსაც ზემოაღნიშნული პრობლემა აწუხებთ და ითხოვს, რომ შრომითი უსაფრთხოება სახელმწიფოს მიერ იყოს უზრუნველყოფილი იყოს:
“ვითხოვთ ანაზღაურებასაც, რადგან ძალიან დაბალია სახელმწიფოშიც და რკინიგზაშიც და ჩვენ რკინიგზას ვეკუთვნით. იქ უსაფრთხოებაა, პირველ რიგში, მოსაწესრიგებელი. შემდგომ ნელ-ნელა ყველაფერი”.
როგორც On.ge-სთან საუბარში EMC-ის წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ განმარტა, ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა გადახედოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას:
“ეს აქცია შრომის ინსპექტირების შექმნას შეეხება, რაც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, რასაც შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილება უნდა დაეფუძნოს. ამდენად, დღევანდელი მოთხოვნა არის ეფექტური და ქმედითი შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების შექმნა”.
თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი, ბექა წიქარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლად იქცა:
“არ მგონია, რომ დღეს ვინმეს იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ამ საკითხზე თვალი დავხუჭოთ და წავუყრუოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში. შესაბამისად, მე პირადად, როგორც მოქალაქე და თეთრი ხმაურის წარმომდგენელი ვამბობ, რომ შრომის პოლიტიკა აუცილებლად გადასახედია და უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ბიზნეს დიქტატურა”.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა, ილია ლეჟავამ კი გვითხრა, რომ დღეს არსებული ვითარება განსაკუთრებით მძიმეა, რადგან შრომითი უსაფრთხოების არქონის გამო გარდაცვლილთა სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს უწყება, რომელიც რეალურად გააკონტროლებს შრომით პირობებს:
“შრომითი ინსპექციის შექმნას, ბუნებრივია, პროფკავშირები მთელი ძალისხმევით ითხოვს. სახელმწიფოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება 2017 წლამდე აქვს აღებული და როგორც ვხედავთ, 2017 წლამდე, რეალურად, იზრდება და იზრდება ეს სტატისტიკა”.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, დღევანდელ საპროტესტო გამოსვლას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა და თუ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.