“ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტები. ეს არის მედიკამენტები, რომლის საწყისი აქტიური ნივთიერება თავიდან იყო ბრენდი. როგორც წესი, 15 წლის განმავლობაში საავტორო უფლება ჰქონდა აღმომჩენელს და მწარმოებელს. მისი გასაყიდი ფასი იყო ძალიან მაღალი”,
– ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “აიპრესთან” ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით “რადგან თავის დროზე ამ მედიკამეტის კვლევაში და დახვეწაში იხარჯება ბევრი ფული, ხოლო ამ 15 წლიანი პერიოდი გავლის მერე ზუსტად იგივე ქიმიური ნივთიერება ხდება ბევრად უფრო იაფი და მიწვდომადი, თუმცა აქ დგება სხვა საკითხი. რადგან ისეთი მკაცრი მოთხოვნები არ აქვს ჯენერიკების წარმოებას არ დადგეს საკითხი ხარისხის გაუარესებაზე.
მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მივესალმები ჯენერიკების სპექტრის მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაფართოებას, რადგან ეს არის ხარჯთეფექტური ნაბიჯი და ასევე ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მედიკამენტების კონტროლის გამართული სისტემა, რომელიც დაგვიცავს დაბალი ხარისხის მედიკამენტების მიღებისგან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, თბილისში კონფერენციაზე “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია სქართველოში ჯენერიკ პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შეთავაზონ.