მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქვეყანაში უნდა იყოს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც წამლების ხარისხს შეაფასებს
ვფიქრობ, ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არარსებობა მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეულ უნდობლობას ქმნის“- ირაკლი სასანია

ქვეყანაში უნდა იყოს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც წამლების ხარისხს შეაფასებს

„ვფიქრობ, ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არარსებობა მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეულ უნდობლობას ქმნის“ – ამის შესახებ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანია აცხადებს.  

ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ცენტრალური ლაბორატორიის არსებობა, რომელიც ბაზარზე ახლადშემოსულ ან საეჭვო მედიკამენტებს შეამოწმებს.

„როდესაც მწარმოებელი ახერხებს წამლის შემოწმებას, ერთის მხრივ სანდოა, მაგრამ მეორე მხრივ ინტერესთა კონფლიქტს ვეჯახებით. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა იყოს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც წამლების ხარისხს შეაფასებს.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის დანერგილი მომსახურების ხარისხის ისეთი მაჩვენებლები, რომელთა დანახვაც ადვილი და გასაგები იქნებოდა. ეს კრიტერიუმები რაც არსებობს მთელ მსოფლიოში, საქართველოში ჯერ დანერგილი არ არის. არ მგონია, რომ ჩვენ შევქმნით ისეთ ლაბორატორიას, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ბრენდულ წამლებს შეაფასებს ადგილზე. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ბევრი ხარისხის შემფასებელი კონტროლის გზა და მხოლოდ მას შემდეგ გამოდის ბაზარზე გაყიდვაში.

შეიძლება ჩვენ გვქონდეს ლაბორატორია, რომელიც პერიოდულად შეაფასებს ხოლმე კონკრეტულ კლინიკაში რამდენად ხარისხიან წამალს მოიხმარენ, ასევე სახელმწიფომ შეიძლება მოახდინოს საეჭვო ან ბაზარზე ახალი შემოსული კომპანიების კონტროლი და ქართულ ბაზარზე დადოს მაღალი თამასა იმ მიზნით, რომ მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტები შემოდიოდეს ქვეყანაში“, – განაცხადა სასანიამ.

ირაკლი სასანიას თქმით, ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენების პრობლემასთან დაკავშირებით კარგი იქნება სპეციალისტები ეყრდნობოდნენ სანდო სტატისტიკურ მონაცემებს.

„ზოგადად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ანტიბიოტიკების დიდი რაოდენობით და არამიზნობრივად მოხმარებაზე როდესაც ვმსჯელობთ, საჭიროა გვქონდეს შესაბამისი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც ზუსტი დასკვნის გაკეთება იქნება შესაძლებელი. საჭიროა ამჟამინდელი მდგომარეობის შედარება წინა წლების მონაცემებთან. შესაბამისად, ეს იქნება საწყისი და ბაზისი საიმისოდ, რომ დაისახოს გეგმა და მიზანი, თუ როგორ, რა გზებით და რამდენით უნდა შემცირდეს მოხმარება“, – განაცხადა სასანიამ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …