მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქვეყანაში მედიკამენტების შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა აუცილებელია
აუცილებელია ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა, რათა პრობლემა მოგვარდეს.მსოფლიო პრაქტიკაა, რომ რეცეპტის გამოწერისას იწერება სწორედ ჯენერიკი მედიკამენტები.

ქვეყანაში მედიკამენტების შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა აუცილებელია

„ჯენერიკი გახლავთ იგივე მედიკამენტი, რაც ბრენდი, როგორც მას უწოდებენ – მისი შემადგენლობა იგივეა, რაც ბრენდის. უბრალოდ, ჯენერიკის გამოცემის უფლება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბრენდის ნაყიდ პატენტს ვადა გასდის. ეს არის ე.წ. პატენტის დაცვის საერთაშორისო მექანიზმი, ანუ ბრენდის ჯენერიკს ვერ აწარმოებს ვერავინ, თუ მას არ გაუვა პატენტი.

ერთადერთი გამონაკლისი გაკეთდა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც შიდსის მედიკამენტებზე დაუშვეს ჯენერიკები.  ამდენად კარგი ჯენერიკი, რომელიც შესაბამის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი“, – განმარტავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობაზე მიანიშნა.  მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. 

გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა, რათა შექმნილი პრობლემა მოგვარდეს:

„ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ რეცეპტის გამოწერისას იწერება სწორედ ჯენერიკი მედიკამენტები. ამიტომ, ამ პროექტზე სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გარკვეული სტრატეგია დაიდება“.

რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ფასებს, გამყარელიძე აღნიშნავს და მიაჩნია, რომ წამალი ვერც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერ იქნება იაფი.

„ერთი ახალი წამლის შექმნა დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდება და მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი – 8-14 წელი. პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს, სისტემა უნდა იყოს გამართული და კონტროლირებადი,  რომლის ჩამოყალიბებაზეც მუშაობა უკვე  მიმდინარეობს – წამლის ყიდვა და ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯი მოქალაქისთვის არ იყოს კატასტროფული, ანუ მოსახლეობა იყოს მსყიდველუნარიანი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

და მაინც რა არის ჯენერიკი და რითი განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან?

ფარმაციაში “ორიგინალური ბრენდი – ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება, ასეთი წამლები დაცულია პატენტით. მათ მფლობელებს, როგორც წესი, 20 წლიანი ექსკლუზივი აქვთ წამლის გაყიდვაზე, რაც განაპირობებს ამ კატეგორიის წამლების სიძვირეს.

საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებასაც ეძლევათ და ასე იქმნება ჯერ პირველი რიგის ჯენერიკები, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ ის ძვირადღირებული კვლევები, რაც ინოვაციურ ფორმულას და საკმარისია დადასტურებული იქნას მათი ბიოექვივალენტობა შესაბამის რეფერენს-პრეპარატთან. შემდეგ იქმნება უკვე მეორე რიგის ჯენერიკები, მესამე და ა.შ.

ანალიტიკური ცენტრი “რეიტინგი კავკასია” დაინტერესდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონით და მომხმარებელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო, იცოდნენ თუ არა მომხმარებლებმა ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ და რამდენად იყენებდნენ მას.

20-21 ოქტომბერს გამოიკითხა თბილისის 400 მაცხოვრებელი. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 83%-ს საერთოდ არ სმენიათ ტერმინი “ჯენერიკის” შესახებ. ხოლო ინფორმირებული მომხმარებლებიდან მსგავსი ტიპის მედიკამენტებს 28% იძენს.

ამ ფონზე, ექსპერტებსა და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდა და ინფორმირება ჯენერიკის დადებითი თუ უარყოფითი მხარეების თაობაზე.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …