მთავარი » დაზღვევა » ქვეყანაში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

ქვეყანაში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

საქართველოში სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. ამ საკითხზე  მსოფლიო ბანკი მუშაობს საბოლოო ანგარიშზე, სადაც გამოიკვეთება დანერგვის სცენარები, ძირითადი პირობები, განხორციელების ვადები და მთელი რიგი სხვა საკითხები, რაც აუცილებელია მოცემული პროდუქტის დამკვიდრებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. დავით ონოფრიშვილსა და თამარ გაბუნიას შორის შეხვედრა გაიმართა „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში მომზადებული სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის (Medical Malpractice Liability Insurance) ანგარიშის განხილვის და მიზნით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

„შეხვედრაზე შეჯერდა ამ მიმართულებით გაწეული შესაბამისი სამუშაოები და დაიგეგმა მომდევნო ნაბიჯები,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი დიდი ხანია საუბრობს. ამასთან, მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებს ეს პროდუქტი აქვთ და ქვეყანაში უკვე ათასობით ექიმს აქვს ის შეძენილი.

პროდუქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც საექიმო შეცდომის გამო პაციენტს ჯანმრთელობა უზიანდება, სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს უნაზღაურებს. ეს ზარალი შეიძლება იყოს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარების გამოსწორებისთვის საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში კი მომავალში მისაღები შემოსავლის ანაზღაურება. ასევე კომპენსაცია ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ექიმის გადაცდომის შედეგად დადგა.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ექიმების მხრიდან აღნიშნული პროდუქტის შეძენის მოტივაცია დამსაქმებელ კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებია, რომლებიც პროფესიული გადაცდომის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას მთლიანად ექიმს აკისრებენ. ამასთან, დევი  ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ეს შეთავაზებები არ არის მაღალი სტანდარტის, ლიმიტები ძირითადად დაბალია და არ ფარავს ყველა შესაძლო ზარალს.

„მსოფლიოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა მოდელი არსებობს. საქართველოსთვის რა მოდელი უნდა ამოქმედდეს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ეს რთული საკითხია. მსგავსი დაზღვევის პრინციპია, პაციენტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს მომავალში მის მიერ მისაღები შემოსავლები, მკურნალობის ხარჯები, მორალური ზიანი და ა.შ. რამდენად შეესაბამებოდა ექიმის ქმედებები არსებულ გაიდლაინებს, უნდა დადგინდეს სასამართლოს ან პროფესიული გაერთიანების მიერ. ეს უკანასკნელი კი საქართველოში ძალიან გაუმართავია და ამ მიმართულებითაც ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა, როდესაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, ექიმი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს და პროფესიულ საქმიანობასაც უფრო სტაბილურად და ხარისხიანად გააგრძელებს,“ – აცხადებს  დევი ხეჩინაშვილი.

როდის ამოქმედდება აღნიშნული სქემა, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები ექიმებს სთავაზობენ შესაძლო რისკებისგან დაზღვევას მცდარი სამედიცინო ქმედების შემთხვევაში.
ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა მედიკოსს იცავს ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგანაც.

იფარება პაციენტის ჯანმრთელობის გართულების ან გარდაცვალების გამო დაკისრებული დამატებითი მკურნალობის ან კომპენსაციის გაღების ვალდებულება მიუხედავად ექიმის ბრალეულობისა, საჩივრის წინააღმდეგ თავის დასაცავი ხარჯები.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …