2030 წლისთვის საქართველოში მედიკამენტების არარაციონალური გამოყენების შემთხვევების წილი 5%-მდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ საქართელოს ჯანმრთელობის დაცვის 2022-2030 წლის ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული.
დოკუმენტში გამოწვევად სახელდება ფარმაცევტული პროდუქტის აგრესიული მარკეტინგი და რეკლამირება, ფარმკოკომპანიების მხრიდან სამედიცინო პერსონალის და ფარმაცევტრების წახალისება მედიკამენტების დანიშვნასა და გამოყენებაზე; მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენება და პოლიფარმაცია; თვითმკურნალობის მაღალი მაჩვენებელი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჭარბი მედიკამენტების გამოწერა იწვევს მედიკამენტებზე მაღალ დანახარჯებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. გამომდინარე აქედან, სამინისტრო გეგმავს გააძლიეროს კონტროლი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ეროვნული კანონის აღსრულებაზე მედიკამენტების დანიშვნის, რეკლამირების და მარკეტინგის ნაწილში.
„შეიქმნება მძლავრი აუდიტის სისტემა, რომელსაც განახორციელებს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევების სწრაფ გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას ჯარიმებისა და სხვა სანქციების გამოყენებით. ელექტრონული რეცეპტების გაფართოვება მედიკამენტების არარაციონალურ გამოყენებასა და პოლიფარმაციაზე ზედამხედველობისა და
მონიტორინგის შესაძლებლობებს გააძლიერებს.“ – ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის ახალი ცვლილების პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შემთხვევების საჯაროდ ანგარიშგებას და კომუნიკაციის კამპანიას პოლიფარმაციასა და თვითმკურნალობასთან დაკავშირებული ზიანისა და რისკების შესახებ.
ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში მოხმარებული მედიკამენტების 25% არასაჭირო წამლებზე მოდის.
ჭარბი მედიკამენტების დანიშვნაზე BAG- ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავჯდომარე, ნინო კობახიძეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში 800 000 ადამიანს სადაზღვეო კომპანიები უფრო ეფექტურად მართავენ და პოლიფარმაციაც უფრო ნაკლებ პროცენტზეა ჩამოსული, ასევე ბენეფიციარებს უფრო ნაკლები მედიკამენტის მოხმარება უწევთ.
პრობლემის მოგვარებას კერძო დაზღვევის განვითარებაში ხედავს GMP და GDP კონსულტანტი გიორგი დათუკიშვილი, რომლის თქმითაც, მედიკამენტების ღირებულების წილი სწორედ სადაზღვევოებმა უნდა დაფარონ. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ უნდა განვითარდეს კლინიცისტი ფარმაცევტების ინსტიტუტი, რომლებიც ექიმებს მედიკამენტების სწორად დანიშვნაში ეხმარებიან, რათა პაციენტებმა შეუთავსებელი წამლები ერთდროულად არ მიიღონ.