მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქვეყანაში არის რამდენიმე მონოპოლისტი ფარმაკომპანია და როგორც უნდათ ისე მანიპულირებენ ფასებით
ქვეყანაში არის რამდენიმე მონოპოლისტი ფარმაკომპანია და როგორც უნდათ ისე მანიპულირებენ ფასებით.ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

ქვეყანაში არის რამდენიმე მონოპოლისტი ფარმაკომპანია და როგორც უნდათ ისე მანიპულირებენ ფასებით

ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე არსებულმა ფასებმა მოიმატა, რამაც მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. მედიკამენტების ფასებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ექსპერტს სოსო ცინცაძეს ვესაუბრეთ: 

„დღესდღეობით მთავარი ის კი არ არის, რომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მიდიხარ ექიმთან და ის გიწერს დანიშნულებას. მთავარი სწორედ ამ წამლის შეძენაა. მედიკამენტების უმეტესობა კი ქვეყანაში 40, 50 და ზოგჯერ 70 პროცენტითაც კი არის გაძვირებული.

ქვეყანაში არის რამდენიმე მონოპოლისტი ფარმაკომპანია და როგორც უნდათ ისე მანიპულირებენ ფასებით. როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, შეკრიბა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები და მითითებები მისცა. მახსოვს, ერთ–ერთი კომპანიის მესაკუთრეს მიანიშნა, რომ კარტერული გარიგებების მონაწილე იყო. იმ პერიოდში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე აფთიაქებში წამლების ფასმა დაიკლო, თუმცა ძალიან მალე ისევ იგივე მდგომარეობა მივიღეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, ვფიქრობ, რომ ეს დაწესებულება თავის ფუნქციას არ ასრულებს. ასე რომ არ იყოს, რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია წლების მანძილზე არ იქნებოდა დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე.

ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, რომ ერთი და იგივე კომპანია იყოს ფარმაცევტული ბიზნესის მფლობელი და ჰქონდეს საკუთარი კლინიკები და სადაზღვევო კომპანია. ბუნებრივია, მას არ ექნება ინტერესი სხვა კომპანიის მიერ შემოტანილი პროდუქცია გამოიყენოს თავისავე კლინიკაში“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

სოსო ცინცაძემ ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. 

„ბოლო დროს ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას და გვეუბნებიან, რომ პირველად ჯანდაცვას მეტ რესურსს მოახმარენ, რომ უნდა გაძლიერდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და ასე შემდეგ. ოჯახის ექიმები ახლა რომ ცუდ მდგომარეობაში არიან, ისე არასდროს ყოფილან.

საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დღეში ერთ ექიმს მინიმუმ 30 პაციენტის გასტუმრება უწევს. ბუნებრივია, რომ ფიზიკურად დრო არ ექნებათ თითოეულ პაციენტს გულდასმით მიხედონ და სათანადო დრო დაუთმონ ჩივილების სრულყოფილად მოსასმენად.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს სოციალურ პროგრამებს, რომელთა წყალობით ათასობით ადამიანმა გაიკეთა ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციები, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხა სჭირდება, რასაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, ვშიშობ, ვერ გაუძლებს.

დაავადებების ნაადრევი გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის, რაც დღესდღეობით მოსახლეობის უმრავლესობისათვის კვლავ რთულ ამოცანად რჩება,“– აღნიშნა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …