მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ქუთაისში სიმსივნეების ციკლოტრონით დიაგნოსტირება და მკურნალობა 2025 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება

ქუთაისში სიმსივნეების ციკლოტრონით დიაგნოსტირება და მკურნალობა 2025 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება

ქუთაისში, ციკლოტრონით სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა 2025 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება. როგორც jandacva.ge-ს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა განუცხადა, ორ ციკლოტრონს საქართველოში 2024 წლისთვის ჩამოიტანენ, რის შემდეგაც მათი დატესტვა დაიწყება, 2025 წლის შუა პერიოდიდან კი ეს ულტრათანამედროვე აპარატურა პირველ პაციენტებს მოემსახურება.

ორი ციკლოტრონი (პროტონების ამაჩქარებელი) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე ნულოვანი ციკლის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც პროექტის ქვედა დონეებში განსახორციელებელ სამუშაოებს გულისხმობს.

ცაგარელის თქმით, ის, რომ საქართველოს ორი ციკლოტრონი ექნება, დიდი უპირატესობაა, რადგან არიან ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ ერთი ციკლოტრონი აქვთ, რომელიც, მონაცვლეობით, როგორც დიაგნოსტირება-მკურნალობის, ისე სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენება.

საქართველოს კი ექნება ორი ასეთი აპარატი, რომელთაგან ერთი მხოლოდ კვლევებს, მეორე კი მკურნალობას დაეთმობა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, აპარატი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სხვადასხვა სახის სიმსივნური დაავადებების მკურნალობისთვის, არამედ კარდიოვასკულარული ოპერაციების ჩასატარებლად.

ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ციკლოტრონით მკურნალობა საქართველოში გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე უცხოეთის წამყვან ქვეყნებში. ბიზნეს-მოდელზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, თუმცა ცნობილია, რომ ეს სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაიფარება, პედიატრიულ ნაწილში კი ის სრულიად უფასო იქნება.

ცნობისთვის: პროექტი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორ ციკლოტრონს ბელგიაში აწყობს.

პროტონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და არა ჯანსაღი უჯრედები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ.

ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი კი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმართავს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში.

​ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …