ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, რომელიც ამ უნივერსიტეტში იხსნება, ამერიკელი მეცნიერები ერთვებიან.
მათ ამერიკაში ვიზიტად მყოფი, განათლების მინისტრი, ასევე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე შეხვდნენ.
კერძოდ, შეხვედრები გაიმართა ქალაქ ბოსტონში მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული.
შეხვედრების მონაწილეებს ქართული დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტის პროექტი და მისი განვითარების პერსპექტივები გააცნეს. ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთონ.
„იდეა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წარმოადგინა, არაჩვეულებრივია. იმისათვის, რომ გახდე საერთაშორისოდ აღიარებული, უნდა ითანამშრომლო საერთაშორისო საზოგადოებასთან, თავი მოუყარო უცხოელ და ადგილობრივ სტუდენტებს უნივერსიტეტში და განახორციელო საერთაშორისო პროგრამები. სწორედ ამ მოდელით მუშაობას ვაპირებთ ჩვენც დანარჩენ ქვეყნებთან. თუმცა საქართველო ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა, რადგან ამ ყველაფრის განხორციელება სწორი ადამიანების ხელშია.
ძალიან კარგია, რომ გაქვთ ორი ციკლოტრონი – ერთი სრულიად სამეცნიერო მიზნებისთვის, ხოლო მეორე სამედიცინო საქმიანობისთვის. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო სტრატეგიაა. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის“, – განაცხადა MMI-ს პრეზიდენტ,ა და Viron Therapeutics-ის აღმასრულებელმა მდივანმა ბანუ ჯენამ.
Viron Therapeutics-ის აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის გილერმო მერმალის განცხადებით კი მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი ქართული მხარის ინიციატივით ითანამშრომლებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კავშირის გასამყარებლად და ვიპოვით თანამშრომლობის სწორ და ზუსტ გზებს. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრიდან იწყება ჩვენი გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ჩვენ სახელმწიფო დონეზე ვიმუშავებთ ამ პროექტზე, რაც ძალიან დამაიმედებელია,“ – განაცხადა მან.
ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით კი, ადრონული თერაპია საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მსოფლიოში და საქართველო იქნება იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს.
„მსოფლიოს იმ რეგიონში, სადაც საქართველო იმყოფება, ჩვენ უკონკურენტოები ვართ, რადგან ევროპაში უახლოესი ცენტრი ვენაშია, ხოლო სხვა ცენტრები არის აღმოსავლეთ აზიაში. ასე რომ ის ცენტრი, რომელიც შენდება საქართველოში, ამოავსებს ამ შავ ლაქას მსოფლიო რუქაზე,“- განაცხადა ჩხეტიანმა.
ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის პროექტის განხორციელება დაპროექტების ფაზაშია.
პროექტს საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო „IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA (ბელგია) განახორციელებენ.
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი და პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.
პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ 40 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.
ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ Proteus®ONE-ს და დამატებით ციკლოტრონის დამზადებას, რომელიც სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება.
ამ მეთოდის მთავარი მიღწევა ის არის, რომ კიბოს მკურნალობისასა ის არ აზიანებს პაციენტის ჯანმრთელ ორგანოებს და გაცილებით ზუსტია, ვიდრე ქიმიოთერაპია. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც, რომლის აწყობაც უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ პროტონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში.