დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნინა ბენდუქიძე ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად თბილისში თანამედროვე სამედიცინო აპარატურას აგზავნის.
საქართველოში გამოსაგზავნად მზად არის სამი სამედიცინო დანადგარი. ამ ეტაპზე ქართველი ექიმი ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხას აგროვებს.
11 ივლისის მონაცემებით, უკვე შეგროვდა £ 1,610, რაც ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის დაახლოებით 80%-ია.
ემიგრანტმა ექიმმა საქველმოქმედო საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მანამდე იგი ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობდა – ჯერ ჩეხეთის რესპუბლიკაში, ხოლო შემდეგ ბოსტონში NHS Blood and Transplant (NHSBT)-ის იმუნოგენეტიკურ განყოფილებაში.
“1992 წელს საქართველოდან ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში გამგზავრება მომიხდა, სადაც 10 წლის განმავლობაში კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმერთულებით ვიმუშავე. 2002 წელს, საცხოვრებლად ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში გადავედი, სადაც NHS Blood and Transplant (NHSBT)-ის იმუნოგენეტიკურ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. ვთანამშრომლობდით ისეთ წამყვან კლინიკებთან, როგორიცაა – Bone Marrow Transplantation, British Bone Marrow Registry (BBMR) და Clinical Immunology“, –
აღნიშნავს “პირველთან“ საუბარში ნინა ბენდუქიძე. მისი თქმით, “იმედის“ დაარსების იდეაც NHSBT-ში მუშაობისას გაუჩნდა.
“ყოველთვის ვფიქრობდი, თუ როგორ გაუმართლათ ბრიტანელებს. მათ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაიტარონ უფასო მკურნალობა და ისეთი მძიმე დაავადებაც კი დაამარცხონ, როგორიც ლეიკემიაა. ამასთან, ბრიტანეთში მკურნალობის შედეგად შესაძლებელია განიკურნოს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებული ბავშვების 90%, ხოლო, დაახლოებით, 98%-ს შეუძლია რემისიის პერიოდის გავლა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ძალიან შევწუხდი, როდესაც შევიტყვე, რომ, ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს მოსახლეობის ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად (ყოველწლიურად ავადდება 30-40 ადამიანი), ქვეყანაში არ არსებობს სისხლის გადასხმისა და ორგანოების გადანერგვის ცენტრალიზებული მომსახურება.
არსებობს მხოლოდ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე ერთადერთი ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი თბილისში და ბევრი წვრილი კერძო სისხლის ბანკი. ამ ორგანიზაციების სამედიცინო პერსონალი ძალიან ეფექტიანი, პროფესიონალი და ენთუზიაზმით სავსეა, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს სწორ დიაგნოზს ვერ უსვამენ და სათანადოდ ვერ მკურნალობენ სამედიცინო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სამედიცინო აპარატურის, მომზადებული პერსონალის, დაფინანსების, მედიკამენტებისა და ა.შ. არარსებობის გამო.
ასეთ პირობებში, ბევრი პაციენტი, ასევე, დაავადებული ბავშვების მშობელი იძულებული ხდება ფული ისესხოს (თუ შეუძლიათ), ხშირ შემთხვევებში, გაყიდოს პირადი ნივთები – ნებისმიერ ქონება, რაც გააჩნია და წავიდეს საზღვარგარეთ, რათა სწორი დიაგნოზი და მკურნალობა მიიღოს, განსაკუთრებით, თუ სურს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ამიტომ, მიზნად დავისახე, საქართველოში მცხოვრები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება“, – აცხადებს ქართველი ექიმი.
როგორც კი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა შეგროვდება, ქველმოქმედი ემიგრანტი სამედიცინო აპარატურას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტს გამოუგზავნის.
“შემოწირული ტექნიკის (Beckman Coulter-ის გამდინარე ციტომეტრი FC500, COBE Spectra სისტემის ორი სეპარატორი (აპერეზის სისტემები),დონორის სავარძელი, ცენტრიფუგები და სხვ.) ნაწილები საქართველოში სასწრაფოდ უნდა გამოვაგზავნოთ. შესაძლოა, ეს აღჭურვილობა ბრიტანეთში ცოტა მოძველებულად ითვლება, მაგრამ საქართველოში იგი დაავადებულთა სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.
ტექნიკის გამოყენების საფასური მინიმალური, ხოლო შესარჩევი პაციენტებისთვის უფასო იქნება. კლინიკის ყველა ექიმი იმედოვნებს, რომ ისინი ამ ტექნიკას დროულად მიიღებენ, რათა დაეხმარონ თავიანთ პატარა პაციენტებს. აღჭურვილობის საერთო წონაა 250-300 კგ. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ ყველაზე იაფ და ყველაზე უსაფრთხო გზას ამ სენსორული აღჭურვილობის თბილისში გამოსაგზავნად. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია £ 2000-ის შეგროვება. რაც შეეხება საფოსტო გადასახადიდან დარჩენილ თანხას, იგი გამოყენებული იქნება მეორე ეტაპისთვის – ტექნოლოგიის სწორად გამოყენების მიზნით ადგილობრივი კადრების გადასამზადებლად.
ჩვენი კამპანიის მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მეტი თანხების გამოყოფას ტრეინინგებისა და ხელშეკრულებების გასაგრძელებლად“, – აცხადებს ნინა ბენდუქიძე.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში, ყოველწლიურად, ბავშვთა შორის ლეიკემიით დაავადების დაახლოებით 45-50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სამწუხაროდ, დაავადებულთა მხოლოდ 70 პროცენტის გამოჯანმრთელება ხერხდება, შემთხვევათა 30% კი ლეტალურად სრულდება.