სპეციალისტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ “ანომალიურ” ტენდენციაზე საუბრობენ: მსოფლიო პრაქტიკისგან განსხვავებით, მთელ რიგ შემთხვევებში საქართველოში ჯენერიკები ორიგინალურ მედიკამენტებზე ძვირი ღირს. “კომერსანტი” ამ მოვლენის მიზეზებით დაინტერესდა.
რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ჯენერიკების სეგმენტი გააფართოვა, რომელიც წესით ბრენდულ წამლებთან შედარებით გაცილებით იაფი უნდა ღირდეს.
თუმცა, ქართულ ბაზარზე პირიქითაც ხდება. რიგ შემთხვევებში ჯენერიკების ფასი ორიგინალის ფასს აღემატება. ამ დასკვნამდე „კომერსანტი“ მას შემდეგ მივიდა, რაც ჯენერიკებისა და ორიგინალი მედიკამენტების ფასი ერთმანეთს შეადარა.
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ:
- სუმამედი, რომელიც ორიგინალი მედიკამენტია, 12 ლარი ღირს, ხოლო ჯენერიკი აზიბიოტის ფასი 17,58 ლარია; ორმიცინის კი 26,4 ლარი;
- დიფლუკანი (ორიგინალი) 10,45 ლარი ღირს, მიკოსისტი (ჯენერიკი) 11 ლარი;
- ზირტეკი (ორიგინალი) 14 ლარი ღირს, როლინოზი (ჯენერიკი) კი 19,4 ლარი.
რა განაპირობებს საქართველოში იმ ფაქტს, რომ წამლის შემცვლელი მის ორიგინალზე ბევრად ძვირი ღირს? და ზოგადად, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები ბაზარზე?
ქართულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას “ანომალიურს” უწოდებს ექსპერტი ფარმაციის საკითხებში თინა ტურძილაძე. მისი თქმით, მსგავსი ანომალიები დაბალი განვითარების ბაზრებისთვისაა დამახასიათებელი.
„ამ ტიპის ანომალიაა ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევებში ბაზარზე ჯერ ასლი შედის და შემდეგ ორიგინალი, ზოგჯერ ორიგინალი საერთოდაც არ შედის ბაზარზე, მაგალითად საქართველოში ჯენერიკული ფორმულების მხოლოდ 17–20%–ია მიმოქცევაში, 80%–ზე მეტი ფორმულა საერთოდ არ არის ქართულ ბაზარზე არც ორიგინალის და არც ასლის სახით. ეს და ამ ტიპის ანომალიები ცუდად რეგულირებული განვითარებადი ბაზრებისთვისაა დამახასიათებელი!“,- აცხადებს თინა ტურძილაძე.
მისივე თქმით, სრულიად განსხვავებულია განვითარებული ბაზრების მოცემულობა, სადაც ჯენერიკების მთავარი უპირატესობა მათი ფასია.
„პირველივე ჯენერიკი, რომელიც ბაზარზე გამოდის, საწყის ეტაპზევე ბრენდის ფასისშემცირებას 61%-დან 85%-მდე იწვევს. სამომხმარებლო ფასის ეროზია ინტენსიურად გრძელდება შემდგომ წლებშიც. ფასთა ასეთი სხვაობა მარტივად ასახსნელია, რომ ასლების მწარმოებლების დანახარჯები ორიგინალის მწარმოებლებთან შედარებით ძალიან დაბალია არა მარტო იმიტომ, რომ ასლებს ორიგინალებისაგან განსხვავებით არ მოეთხოვებათ კლინიკური კვლევების სრული ციკლი, არამედ იმიტომაც, რომ ისინი პრაქტიკულად უკვე ფორმირებულ სეგმენტში შედიან, თითქმის არ აქვთ კომერციული რისკები და არც ექიმების და პაციენტების აზრის ფორმირებისთვის სჭირდებათ ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც ორიგინალს. ჩვენს შემთხვევაში, როცა ბაზარზე ორიგინალი არ არის, გენერიკებს უწევთ ამ ხარჯის გაწევა?!“,- აცხადებს ტურძილაძე.
ექსპერტი მიჩნევს, რომ ამ და მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის პირველ ეტაპზე რეგულირების სისტემის რეფორმირებაა საჭირო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას – ორიგინალს, ჯენერიკს, სიმილატს და მხოლოდ ამის შემდეგაა ეფექტური ხარჯების შეკავების ღონისძიებები.
“საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე საკითხის მიმართ რადიკალურად არის განწყობილი. მისი თქმით, ფირმებმა, რომლებიც მსგავს ნაბიჯებს დგამენ და ჯენერიკებს უფრო ძვირად ყიდიან, ქართულ ბაზრზეფეხი ვერ უნდა მოიკიდონ.
„ამაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მოსახლეობის განათლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. უხეშად რომ ვთქვათ, თავად მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს, რა ღირს იგივე შემადგენლობის ორიგინალი პრეპარატი და არ გადაიხადოს უფრო მეტი ჯენერიკში, რომელიც გაცილებით იაფი უნდა ღირდეს“,- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.